ფეხბურთი

2:00 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ გეგმა აგვირია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შვედეთთან მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასეთ დონეზე ინდივიდუალურ შეცდომებს არავინ გაპატიებს და მარცხიც დიდწილად ამან განაპირობა

"თამაშის სცენარი, რომელიც წარმოგვედგინა მუშაობდა მეტოქის პირველ გოლამდე და ყველაზე დასანანია, რომ მთელი გეგმა აგვირია ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ, რომლის დაშვებასაც ასეთ დონეზე არავინ გაპატიებს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმის სტარტზევე მესამე გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქის შეცდომით მალევე შევძელით თამაშში დაბრუნება. მცდელობები ბევრი გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვაჩვენეთ ის თამაშის ხარისხი, თუნდაც ისეთი, როგორიც გვქონდა ამ გუნდთან იგივე ბათუმში.

ბოლო მატჩებია პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები და პირველ რიგში მათი გამოცდილება. კონკრეტულად ის გამოცდილება, რომელიც საბა საზონოვს, ლუკა გაგნიძეს და გაბრიელ სიგუას აქვთ. ეს გამოცდილება ზუსტად ასეთი მატჩებისთვის არის საჭირო და დასანანია, რომ ეს მოთამაშეები არ გვყავდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მატჩი მხოლოდ მათი არყოფნით არის განპირობებული.

როდესაც ასეთი დონის გუნდთან უშვებ ამდენ ინდივიდუალურ შეცდომას, დგება ის რეალობა, რაც დადგა. გარდა ამისა, გუნდურობის საკითხზეც ბევრი გვაქვს სამუშაო, როდესაც ანგარიშში ჩამოვრჩით, თამაშის განვითარების ინდივიდუალურმა ხასიათმა იმატა, რაც ასეთ დროს, ამ კონტექსტის გათვალისწინებით მიუღებელია. მაშინ როცა ეთამაშები შენზე მაღალი კლასის გუნდს, ამ მომენტში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ გუნდურობა შეიძლება გახდეს.

მთლიანობაში განვლილ გზას და შეკრებას ჯერ ვერ შევაფასებ, დარჩენილი გვაქვს ბოლო ტურის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ასევე, უნდა დაველოდოთ შვედეთის თამაშს ნიდერლანდებში, რომელიც ერთი დღით ადრე გაიმართება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ ჩვენ უკვე მათი შედეგი გვეცოდინება. საერთოდ, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ მთელი შესარჩევი მეორე ადგილზე ვიყავით და ბოლო ტურის წინ, ჩვენ ჩვენ თავზე დამოკიდებული აღარ ვართ”, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, საქართველოს 16 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

ბოლო ტურში, 15 ოქტომბერს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, შვედეთი ნიდერლანდებს ესტუმრება. იმისთვის, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაგვრჩეს, საქართველომ აუცილებლად უნდა მოიგოს, შვედეთმა ქულები დაკარგოს. მართალია, სკანდინავიელებს ჯგუფის ლიდერთან უწევთ თამაში, მაგრამ მეტოქე უმოტივაციოა, რადგან ჯგუფიდან უკვე გასულია.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

0.117902