ფეხბურთი

22:00 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში შვედეთში დამარცხდა და ახლა მეტოქეზეა დამოკიდებული

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეცხრე ტურში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ შვედეთთან დამარცხდა.

არადა, რამაზ სვანაძის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-13 წუთზე ნოდარ ლომინაძემ ძალიან ეფექტური გოლით გახსნა ანგარიში. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმში წინ გავიდნენ.

მეორე ნახევრის სტარტზე სკანდინავიელებმა მესამეც გაიტანეს, რასაც მალევე მათი მეკარის ძალიან უხეში შეცდომა მოჰყვა, რითაც სხვაობა შემცირდა - 3:2. მიუხედავად იმისა, რომ წინ ბევრი დრო იყო, სვანაძის გუნდმა მესამე გოლი ვერ გაიტანა, რაც ბოლო ტურის წინ უპირატეს ვითარებაში ჩააყენებდა.

ამრიგად, ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, საქართველოს 16 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

ბოლო ტურში, 15 ოქტომბერს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, შვედეთი ნიდერლანდებს ესტუმრება. იმისთვის, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაგვრჩეს, საქართველომ აუცილებლად უნდა მოიგოს, შვედეთმა ქულები დაკარგოს. მართალია, სკანდინავიელებს ჯგუფის ლიდერთან უწევთ თამაში, მაგრამ მეტოქე უმოტივაციოა, რადგან ჯგუფიდან უკვე გასულია.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

შვედეთი - საქართველო 3:2 (2:1)

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ხვადაგიანი, უგრეხელიძე, აზაროვი; ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64); ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე, ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88)

გოლები: 0:1 ლომინაძე (13), 1:1 ონდრიეკა (23), 2:1 სვედბერგი (39), 3:1 ერაბი (48), 3:2 დოვინი (51, ა.გ)

0.111215