ფეხბურთი

19:54 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ, თამაშისთვის მზად ვართ"
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ მისი გუნდის მზადყოფნით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია.

„უკრაინის ნაკრებს ცუდი სტარტი აქვს? წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ ის კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. უკრაინა ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენი გუნდი ამ მატჩისთვის მზადაა.

კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით. როგორც წინა თვეებში იყო, იგივე ატმოსფერო და სურვილია, რომ აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესო მხარეები. ფეხბურთში შეიძლება დამარცხდე, მაგრამ მთავარია, მაქსიმალურად წარმოაჩინო შესაძლებლობები, აკონტროლო მოედანზე ყველაფერი, რაც ფეხბურთს უკავშირდება და აჩვენო ის რესურსი, რაც გაგაჩნია.

სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვფიქრობთ ჯგუფში ჩვენს პოზიციაზე, რომელსაც ვიკავებთ. სამივე ნაკრები, რომელთა წინააღმდეგ ჯგუფში თამაში გვიწევს, ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდა, ჩვენ პლეი-ოფით გავედით და ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მაღალი დონის მეტოქეები გვყავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საუბრობდნენ ჯგუფში წინასწარ პროგნოზებზე. თუმცა, სექტემბერშიც დადასტურდა, რომ ყველას წინააღმდეგ თამაში შეიძლება. მთავარია, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. წინ რთული 4 მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ქულების მოპოვებაა.

საბა გოგლიჩიძე და გიორგი გულიაშვილი კარგად ჩაერთნენ მზადების პროცესში, რადგან ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ, იცნობენ ამ თაობის სხვა წარმომადგენლებს და ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. ჯერჯერობით, რთულია ინდივიდუალურად საუბარი, მაგრამ მათი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ექნება თუ არა გულიაშვილს მომდევნო მატჩებში თამაშის საშუალება. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც დაიმსახურებს და გიორგი კლუბში ნაჩვენები თამაშის გამო გამოვიძახეთ. შედეგების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს, კონკურენციიდან გამომდინარე, უფრო რთულია ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ვინც დაიმსახურებს, ყოველთვის ჩვენს ინტერესის სფეროში დარჩება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

0.126746