ფეხბურთი

1:12 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბერძნეთის ნაკრებისა და ათენის „პანათინაიკოსის“ ფეხბურთელი ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარჯვენა მცველი ათენში, სახლში, სადაც ცხოვრობდა, აუზში გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალური ცნობა რამ გამოიწვია სიკვდილი, ჯერჯერობით უცნობია. განგაში მისმა მეუღლემ ატეხა, რომელიც მას ტელეფონზე გამუდმებით ურეკავდა და მისგან პასუხი ვერ მიიღო.

ამის შემდეგ ფეხბურთელის მეუღლე სახლის მფლობელს დაუკავშირდა, რომელიც ვილაში შევიდა და ბალდოკი აუზში იპოვა. საქმეში სასწრაფო დახმარება ჩაერია, მაგრამ ფეხბურთელი უკვე გარდაცვლილი იყო.

ჯორჯ ბალდოკი ინგლისში დაიბადა, მაგრამ ბებიის ბერძნული წარმომავლობის გამო საბერძნეთის ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობდა და 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბალდოკმა ითამაშა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისშიც, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში, სადაც მოედანზე მე-60 წუთამდე იყო. ეს მისი ბოლო სანაკრებო შეხვედრაც გამოდგა.

ჯორჯ ბალდოკს 2017-2024 წლებში „შეფილდ იუნაიტედში“ ჰქონდა ნათამაშები, ხოლო გასულ ზაფხულს „პანათინაიკოსს“ შეუერთდა, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ათენურ გუნდში მან სულ ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლოს ოთხი დღის წინ, პირეოსის "ოლიმპიაკოსთან".

0.122549