ფეხბურთი

19:04 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელე ჯერვაზი: "დავითაშვილი იტალიურ გუნდებს შევთავაზე, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია"
ჰალიდ დოლტმურზიევი მიქაუტაძეს ჰგავს, მას კლუბებმა თვალი უნდა ადევნონ

„დინამო თბილისის“ აკადემიის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გაბრიელე ჯერვაზიმ იტალიურ იუთუბარხზე, la Fiera Del Calcio ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

კონკრეტულად „ბრიუგესა“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავდამსხმელზე ჰალიდ დოლტმურზიევზე. ასევე, მან თქვა, რომ ზურიკო დავითაშვილი იტალიურ კლუბებს შესთავაზა, მაგრამ პასპორტისა და არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტის გამო ტრანსფერი არ შედგა.

„ჰალიდ დოლტმურზიევი 17 წლის ბიჭია, რომელიც „ბრიუგეში“ თამაშობს და ძალიან საინტერესო ბიჭია. ცოტათი გიორგი მიქაუტაძეს ჰგავს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია. ხშირად ვთავაზობდი იტალიურ კლუბებს ქართველ ფეხბურთელებს, მაგრამ ყოველთვის იყო პრობლემა არაევროკავშირელის ლიმიტთან დაკავშირებით.

მაგალითად, რამდენიმე კლუბს შევთავაზე ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც „სენტ ეტიენში“, ლიგა 1-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჩემი აზრით, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. თუმცა, არაევროკავშირელებზე შეზღუდვის გამო ყოველთვის ვერ ხერხდება ტრანსფერის განხორციელება.

სამაგიეროდ, ჰალიდ დოლტმურზიევს ორმაგი პასპორტი აქვს, ქართული და ბელგიური. ჩემი აზრით, ის არის ბიჭი, რომელსაც თვალი უნდა ადევნონ კლუბებმა, „ბრიუგეში“ თამაშობს, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ძალიან საინტერესო ბიჭია“, - აღნიშნა ჯერვაზიმ.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელე ჯერვაზის „ჯენოას“ აკადემიაში საკმაო ხანს აქვს ნამუშევარი, ხოლო 2022 წლის იანვრიდან „დინამო თბილისში“ მუშაობდა, ხოლო ცოტა ხნის წინ წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემიას ჩაუდგა სათავეში.

ჰალიდ დოლტმურზიევი „ბრიუგეს“ 18-წლამდელთა გუნდში გამოდის და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

0.115837