ფეხბურთი

23:10 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე და გოჩოლეიშვილი: "უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ოთარ კაკაბაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა მორიგი შეკრების დაწყების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ოთარ კაკაბაძე: "ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან".

გიორგი გოჩოლეიშვილი: "გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.130257