რაგბი

23:40 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | დებიუტში დებიუტანტები გამოირჩნენ

რეგიონული ლიგის 2024/25 წლების პირველობაზე 19 გუნდი მონაწილეობს. დასავლეთი 6 გუნდითაა წარმოდგენილი. რეგულარულ სეზონში იმერში 2-წრიანი შეჯიბრება გაიმართება და 2 წარმატებული გუნდი საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებს.

აღმოსავლეთის 13 მონაწილე კი 2 ჯგუფად დაიყო. 2 წრიანი შეჯიბრების შემდეგ ორივე ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი 2-მატჩა წინასწარ პლეი ოფში ითამაშებს, რომლის ფინალისტები საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილე იმერის დუეტს შეურთდებიან, მანამდე კი 1-მატჩა დაპირისპირებაში ჯგუფური ეტაპის ამერის გამარჯვებულს გამოავლენენ.

1-მატჩა საჩემპიონო ფინალი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, რომლის გამარჯვებული მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს, ფინალში ხელმოცარული გუნდი კი კლასში ამაღლებას ზედა ლიგის მე-9 ადგილოსანთან 2-მატჩა დუელში ეცდება.

2 ტურის თავს დასავლეთში 9-9 ქულით ბათუმის ‘ტორნადო’ და სამტრედიის ‘ფენიქსი’ დაწინაურდნენ. ჩოხატაურის ‘ჯანი’ და ქუთაისის ‘ბაგრატი’ 5-5 ქულით მე-3-4 პოზიციებს ინაწილებენ. ვანის ‘აიეტი’ 1 ქულით ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, უქულოდ მყოფი ზუგდიდის ‘რაგბის სკოლა’ კი აუტსაიდერად იქცა.

მე-2 ტურის გამორჩეული შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ‘ფენიქსმა’ ჩოხატაურის ‘ჯანს’ უმასპინძლა. პირველი ტაიმი მასპინძელთა კარნახით წარიმართა. ფულბეკ საბა გოლიძის, მხტომელ გოგა ახალაძისა და კვაჭ ბექა თათვაძის გატანილი ლელოები ‘ფენიქსის’ მგეზავმა ბაკურ კუხალაშვილმა გარდასახა, რამაც შესვენების წინ იმერლებს 21 ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. მეორე ნახევარში ‘ჯანი’ გააქტიურდა. მართალია, გურულებმა 2 უპასუხო ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა ერთმა გაცუდებულმა გარდასახვამ ‘ჯანი’ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ფენიქსმა’ 21:12 მოიგო.

„აია არენაზე“, ქუთაისის ‘ბაგრატისა’ და ვანის ‘აიეტის’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. 75-ე წუთამდე მეტოქეებს აქტივში 3-3 გარდასახული ლელო ქონდათ და თანაბარ ანგარიშზე რიონისპირელთა მორიგი მიძალება ვანელებმა მოლის განზრახ ჩაქცევის ფასად შეაჩერეს, რაც სტუმრებს საჯარიმო ლელოს ფასად დაუჯდათ. იმერული დერბი ‘ბაგრატმა’ 28:21 მოიგო.

პირველობის დებიუტანტმა ბათუმის ‘ტორნადომ’ მეორე საშინაო შეხვედრაც მოიგო და თან ამჯერზე პრემიალური ქულაც აიღო. აჭარის დედაქალაქში, ‘ტორნადომ’ ზუგდიდის ‘რაგბის კლუბი’ 5 გატანილ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი საგრძნობი უპირატესობა 8 უპასუხო გატანილ ლელოში ასახა. მასპინძელთა მხტომელმა ჯონი წილოსანმა „დუბლი“ შეასრულა – 52:15.

აღმოსავლეთის პირველ ჯგუფში (7 გუნდი) 2-2 შეხვედრის მოგება სამმა გუნდმა მოახერხა. მაქსიმალური შედეგით, 10 ქულით ცხრილს სათავეში თსუ ჩაუდგა. ‘ქვემო ქართლი’ 9 ქულით მეორე ადგილზეა, ‘ივერიელი’ კი 8 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახლახანს შექმნილი გარდაბნის ‘ქვემო ქართლის’ გუნდის შედეგიც და თამაშის ხარისხიც. დებიუტანტ ქვემო ქართლელებს სათავეში ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოს’ სტაფის წევრი და ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ჩემპიონ ‘ლელოს’ დამრიგებელი ზურა ხორბალაძე უდგას. ახალგაზრდა ნიჭიერმა სპეციალისტმა ‘ქვემო ქართლის’ თამაშის მანერას საკუთარი ხელწერა უმოკლეს პერიოდში დაატყო და პირველობის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი სენსაციაც გარდაბნელთა ანგარიშზეა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა დიდ 10 გამოვლილი მარნეულის ‘არმაზი’ მისსავე მოედანზე დაამარცხეს.

ვაზისუბანში, რეგიონულ დერბიში, სადაც მეტოქეებმა 4-4 ლელო გაიტანეს, ‘არმაზი’ ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ‘ქვემო ქართლი’ მედგრად, შეუპოვრად იბრძოდა და მგეზავ უშანგი მჭედლიშვილის გატანილი ჯარიმით სარაგბო თრილერში 34:32 იმარჯვა. მეორე ნახევარში გარდაბნელთა ფულბეკმა კაპიტანმა დიტო კალანდაძემ „დუბლი“ გაიფორმა.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ‘ბორჯომი’-‘ივერიელის’ დაპირისპირებაც ვაზისუბნის მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. მატჩის ნომინალურმა მასპინძელმა თორელებმა მეტოქეზე 1-ით მეტი, 4 ლელო გაიტანეს, თუმცა მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩნენ. შეხვედრის ყველაზე შედეგიანმა მოთმაშემ, ‘ივერიელის’ ფრთა ლაშა სირაძემ დადებულ ლელოს, 2 ზუსტი გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. სწორედ სირაძის მიერ მატჩის დასკვნით მონაკვეთში გატანილი წყვილი ჯარიმით, ‘ივერიელმა’ რთული „ქამბექით“ 25:22 მოიგო.

‘ლოკომოტივის’ ბაზამ ‘სოხუმისა’ და თსუ-ს შეხვედრასაც უმასპინძლა. სტუდენტები ჩემპიონატს კარგად მომზადებულნი შეხვდნენ და სეზონის მეორე მატჩიც დამაჯერებლად, პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს. თსუ-მ მეტოქეს 6 ლელო დაუდო. მხტომელმა საბა ჩანადირმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ფულბეკმა გიორგი მანაგაძემ 5 გარდასახვა გამოიყენა – 40:7.

აღმოსავლეთის მეორე ჯგუფში (6 გუნდი) მაქსიმალური შედეგით, 10-10 ქულით ‘პატარძეული’ და ‘ჭადარი’ დაწინაურდნენ. მესამე ადგილზე მყოფი ‘გარდასახვა’ ლიდერთა დუეტს 4 ქულით ჩამორჩება.

თელავში, ‘ჭადარმა’ ‘არაგველებს’ უმასპინძლა და მეტოქე რაგბის ყველა კომპონენტში დაჩაგრა. კახელებმა სტუმრებს მხოლოდ ეული ჯარიმის გატანა დაანებეს, საკუთრივ კი 13 უპასუხო ლელო დაუდეს და 89:3 მოიგეს. ‘ჭადარის’ შუამარბმა გუგა ქავთარაძემ „პოკერი“ გაიფორმა. ფულბეკმა ალექსანდრე აშუღაშვილმა, ფრთა ალუდა ლიქოკელმა და მარბიელმა კონსტანტინე ნახუცრიშვილმა კი „დუბლი“ შეასრულეს.

‘ავჭალამ’ პირველი ტურის მსგავსად, კვლავ სამნიშნა ციფრით წააგო, თუმცა დებიუტანტმა ამჯერზე პირველი სამატჩო ქულების აღება მოახერხა. ‘პატარძეულთან’ გასვლით შეხვედრაში წყვილი გატანილი ჯარიმა შუამარბ ნიკა მურადაშვილის ანგარიშზეა. გარე კახელებმა კი თავიანთი განუზომელი უპირატესობა 21 უპასუხო ლელოში ასახეს. მასპინძელთა მგეზავმა და ჰავბეკმა დათო და შაქრო სუხაშვილებმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს – 137:6.

„რაგბი პლატოზე“, ‘დევები’-‘გარდასახვას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. ფრთა ნიკოლოზ ძნელაძის შესრულებული „დუბლით“, ‘დევებმა’ შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგეს – 22:21.

RUGBY.GE

0.122179