რაგბი

0:10 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ერთპიროვნულად გალიდერდა

ჭაბუკთა ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფს 2 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით, 10 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. ჩემპიონის მსგავსად პირველობის ორივე შეხვედრა ბოლნისის ‘ყოჩებმაც’ მოიგო, თუმცა ქვემო ქართლელები ლიდერს 2 ქულით ჩამორჩებიან. 6 ქულით მესამე ადგილზე ‘აია’ განთავსდა.

მე-5 ადგილზე 5 ქულით ‘ხარები’ იმყოფება. ქვემო ქართლელები ‘ხვამლსა’ და ‘ლოკომოტივს’ 1 ქულით უსწრებენ. მოუგებლად მყოფი ‘არმია’ 2 ქულით ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე იმყოფება, ხოლო 1 ქულის მქონე ‘ბათუმი’ პირველობის აუტსაიდერად იქცა.

მეორე ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა, სადაც ჩემპიონი ‘ლელო’ თანაქალაქელ ‘ხვამლს’ დაუხვდა. პირველ ტაიმში ჩემპიონი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და 29 უპასუხო აღებული ქულით მატჩის ბედი პრაქტიკულად შესვენებამდე გადაწყვიტა. ზურა ხორბალაძის ბიჭები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და პირველ ნახევარში 5 გატანილი ლელოდან, 4 ლელო მოლით და მიძალებით იქნა დადებული. ჩემპიონის კვაჭმა დავით არჩვაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო ფულბეკმა ნიკა ხალვაშმა და მხტომელმა იოსებ ღვინჯილიამ თითო ლელო მიითვალეს.

მეორე ტაიმში ზურა ხორბალაძემ თამაშში უმცროს ჭაბუკთა ლიგიდან დაწინაურებული მორაგბეები ჩართო, რამაც მუხიანელებს სულის მოთქმის შესაძლებლობა მისცა. ბურჯ საბა კილაძისა და მხტომელ ლუკა ტყეშელაშვილის გარდასახულ ლელოთა წყალობით ‘ხვამლმა’ ანგარიშში ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამცირა. მატჩის ბოლო წუთები კი კვლავ ‘ლელოს’ აქტიურობით აღინიშნა. ფრთა იკა კვირიაშვილის გატანილმა ლელომ ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 36:14.

„აია არენაზე“, ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. სადებიუტო მარცხის შემდეგ რიონისპირელები მეტად მობილიზებულნი ჩანდნენ და ზურა ზვიადაძის შეგირდებმა ქვემო ქართლელებს 4-ით მეტი, მთლიანობაში 7 ლელო გაუტანეს. ‘აიას’ წარმატებას სათავე გუნდის ლიდერისა და მგეზავ თემურ ძოძუაშვილის გატანილმა ლელომ დაუდო. მასპინძელთა შუამარბმა ავთანდილ ზვიადაძემ „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო მარქაფადან ჩართული მგეზავის დუტა დაშნიანის დადებული ლელოთი ‘აიას’ უპირატესობამ 30 ქულას უწია – 47:17.

‘ლოკომოტივის’ საწვრთნელ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-‘არმიას’ დედაქალაქური დერბი უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა, სადაც „არმიელებმა“ მართალია მასპინძლებზე 1-ით მეტი, 2 ლელო გაიტანეს, თუმცა მიჯრით მეორე შეხვედრაში მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩნენ.

ფრთა საბა ნატრიაშვილისა და შუამარბ ლაშა გოგოლაძის გარდაუსახავი ლელოებით ‘არმია’ მეორე ტაიმში 3 ქულით დაწინაურდა. ‘ლოკომოტივის’ მხრიდან ლელოს გატანა პირველ ტაიმში ფრთა ლუკა აბულაძემ მოახერხა. ზუსტ გარდასახვას, მასპინძელთა მგეზავმა ლუკა დემურაშვილმა 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო, რამაც მატჩის ბედი ვახტანგ კავთიძის ბიჭების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 16:13. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივი’ რიცხობრივ უმცირესობაში 2-გზის დარჩა, რომლით სარგებლობა „არმიელებმა“ ვერ შეძლეს.

ტურის დასკვნითი შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ‘ბათუმი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაუხვდა. პირველ ტაიმში უკეთ ‘ბათუმი’ გამოიყურებოდა. ბურჯ ზურა ვარშანიძისა და მხტომელ ანრი ჯაყელის დადებული ლელოები მასპინძელთა მგეზავმა გიორგი ბერაძემ გარდასახა. შესვენებაზე მასპინძლები 12 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ‘ყოჩები’ საგრძნობლად გააქტიურდა. მამუკა ტყეშელაშვილის ბიჭებმა ტემპს უმატეს, დაცვაში თამაში გაამკაცრეს და ‘ბათუმს’ მხოლოდ 2 ჯარიმის გატანის შესაძლებლობა მისცეს. გიორგი ბერაძის მთლიანობაში 4 გატანილი ჯარიმის ხარჯზე მასპინძლები ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ‘ყოჩთა’ ჰავბეკმა ნიკა გოცაძემ თანაგუნდელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა, რაც ქვემო ქართლელთათვის როგორც გამარჯვების, ასევე პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ‘ყოჩებმა’ მთლიანობაში მასპინძლებზე 3-ით მეტი, 5 ლელო გაიტანა. სტუმართა კვაჭმა ნიკა მარტიაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა. აჭარლები კი მხოლოდ ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ. ‘ყოჩებმა’ მატჩი 30:26 მოიგო.

RUGBY.GE

0.118557