რაგბი

12:40 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 17:16 ბათუმი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ბათუმს’ დაძაბულ ბრძოლაში 17:16 სძლია და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შედეგად, 4 ტურის შემდეგ მინიმუმ 1 მოგება ყველა გუნდს დაუგროვდა. ‘ყოჩებს’ ამ გამარჯვების შემდეგ 5 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე დაწინაურდა. ამასთან, მან ‘ბათუმისგან’ გადაიბარა საზიარო „სარბიელის სინი“. ზღვისპირელებმა „რაგბი პლატოზე“ ნუგეშ-ქულა აიღეს და ჯამში 6-ით მე-8 პოზიციაზე არიან.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გაჩაღდა. საწყის 10 წუთში სტუმრები დასარტყმელ პოზიციაში ორჯერ დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა მასპინძლები 6 ქულით დააწინაურა. ვაჟა მიქაძემ პირველი საპასუხო ჯარიმა მე-14 წუთზე გაიტანა, მეორე 30-ეზე, თანაც იოსებ გუშარაშვილი სინბინით დაისაჯა, მაგრამ ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ‘ყოჩები’ კიდევ ერთხელ დარჩა 10 წუთით კაცნაკლული და მიქაძემ სტუმრები ჯარიმით დააწინაურა. ტაიმის შუაში თამაში ირაკლი გეგენავამ გაამწვავა, რასაც ჯერ ზღვისპირელთა მეორეხაზელის, გიორგი შუკაკიძის სინბინი მოყვა და მათიაშვილმა წონასწორობა აღადგინა. 66-ე წუთზე გეგენავას მორიგ აქტიურობას მათიაშვილის ლელო მოყვა, რომელსაც გასატანი პოზიციიდან გარდასახვა კი გაუცუდდა, თუმცა 77-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და გუნდს 17-ივე ქულა შესძინა.

ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი ჯაბა შათირიშვილმა მიიღო, მაგრამ ბოლო წუთზე, ლუკა ვადაჭკორიას კარგი თამაშის შემდეგ მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა. ‘ყოჩებიდან’ მესამე ყვითელი ბარათი ზურაბ ჟორჟოლაძემ მიიღო, კავეკინი ტამბუმ კი ლელო გაიტანა და მიქაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 17:16 ‘ყოჩების’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სოსო მათიაშვილი გახდა.

ხვალ, 6 ოქტომბერს ‘ტაო’ ‘ყაზბეგს’ 15 საათზე ასპინძაში მასპინძლობს, ხოლო 17 საათზე ‘აია’ ‘ხარებს’ ქუთაისში დაუხვდება.

RUGBY.GE

0.127504