ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ლაშა ბექაურთან ერთად საზეიმოდ გახსნა ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსი.
თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს. კომპლექსის მშენებლობა განახორციელა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.
შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.
თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.
მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.
სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი, გენერლური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
GEONOC.ORG.GE