გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პრაქტიკულად ყოველთვის მოედანზე საუკეთესოა.
ქართველი ნახევარმცველის შესახებ Onefootball-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„კასტელონში“ გიორგი ქოჩორაშვილის თამაშით გულშემატკივარი აღფრთოვანებული დარჩა. ქართველი გუნდს სწრაფად მოერგო და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა სეზონში, როცა „კასტელონი“ ლა ლიგა 2-ში დაწინაურებასთან ახლოს იყო. ახლა ის თავის შესაძლებლობებს ლა ლიგა 2-ში „ლევანტეს“ რიგებში ამტკიცებს.
ამ ზაფხულს მან თავი ევრო 2024-ზეც გამოიჩინა და გიორგი იყო თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩემპიონატზე, სადაც საქართველო მერვედფინალამდე მივიდა. დატვირთული სატრანსფერო ბაზრის შემდეგ ქართველმა „ლევანტეში“ დარჩენა გადაწყვიტა, კლუბში, რომელშიც ისტორიის დაწერა და ლა ლიგაში ნანატრი დაწინაურება სურს.
„ლევანტეს“ კარგი დასაწყისი მთელი გუნდის შესანიშნავი თამაშითაა განპირობებული, მაგრამ უნდა გამოვყოთ გიორგი ქოჩორაშვილის შესანიშნავი ფორმა. ქართველმა გასულ სეზონშიც აჩვენა თავისი უმაღლესი დონე, მაგრამ ახლა თავს იმკვიდრებს, როგორც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გიორგის დონე იზრდება და მან სულ მცირე დროში დაიმკვიდრა თავი პროფესიულ ფეხბურთში. ქოჩო ყოვლისმომცველი და ყველგანმავალი მანქანაა თავისი ახალი მწვრთნელისთვის. ის ნებისმიერ პოზიციას ეგუება და ყველგან კარგად თამაშობს. ორიოლ რეისთან ერთად აძლიერებს ნახევარდაცვის ხაზს, რომელიც ბოლო სეზონებში ძალიან დასუსტებული იყო.
გასულ ტურში ქოჩომ „ალმერიასთან“ გულშემატკივარზე შთაბეჭდილება მოახდინა შესანიშნავი თამაშით. გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, გარდა ამისა, პასების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებლით (88%) ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორი საჰაერო დუელიც მოიგო. ქართველი იმ ტიპის ფეხბურთელის, რომელიც გულშემატკივრებს თავისი თავდადების გამო უყვარდებათ“, - წერს OneFootball-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი - მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ქოჩორაშვილი დიდებულად ირჯება. „ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.