Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. მან არ დაადასტურა Sky Sport-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მხარეებს შორის დღეს კონტაქტი შედგა.
როგორც ვენერატომ აღნიშნა, თარჯიმანი არ ჰყავდათ, რის გამოც უბრალოდ არ ყოფილა დიალოგი. იტალიელმა ჟურნალისტმა არსებულ სიტუაციაზე დეტალურად ისაუბრა.
„ოქტომბრის ბოლოს მესამე შეხვედრა შედგება კვარაცხელიას გარემოცვასთან. დღეს არანაირი კონტაქტი არ ყოფილა მარტივი მიზეზის გამო: თარჯიმანი არ იყო. უბრალოდ ეს იყო სადილი ქართველ ფეხბურთელთან. „ნაპოლი“ არ აპირებს ხელფასზე 6 მილიონ ევროს გადააჭარბოს, შეიძლება იყოს დიდი ბონუსები, მაგრამ ფიქსირებული ხელფასი მაქსიმუმ 6 მილიონი იქნება და შემდეგ მხარეები შეაფასებენ გამოსყიდვის პუნქტს. თუმცა, ეს ძალიან მაღალი იქნება. ფეხბურთელის გარემოცვის ბოლო მოთხოვნა ფიქსირებული 8 მილიონი ევრო იყო. ასე რომ, ორი მილიონი ევროა განსხვავება მოთხოვნასა და მომავალ შეთავაზებას შორის“, - თქვა ვენერატომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.