რაგბი

12:12 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | პირველობა სიურპრიზებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის 2024/25 წლების სეზონში მონაწილეობას 2006/07 წლებში დაბადებული მორაგბეები იღებენ. პირველობის ფორმატი უცვლელი დარჩა. მონაწილე გუნდები გასული სეზონის შედეგების მიხედვით „ოქროს“ და „ვერცხლის“ ჯგუფებში განთავსდნენ. ორივე დონის ჯგუფში 2-წრიანი შეჯიბრება გაიმართება, რომელიც საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილე 8-ეულის ვინაობას გაარკვევს.

„ოქროს“ ჯგუფის მოწინავე ექვსეულს პლეი ოფში „ვერცხლის“ ლიგის 2 წარმატებული გუნდი შეურთდება და 1/4-ში გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან. „ვერცხლის“ ჯგუფიდან პლეი ოფში მოხვედრილი გუნდები მომავალ სეზონში ელიტაში თამაშის უფლებასაც დაიბევებენ. საჩემპიონო პლეი ოფის ყველა ეტაპი 1-მატჩა იქნება და ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული მაღალი ადგილის მქონე გუნდები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. სატიტულო შეხვედრაც მაღალი ადგილის მქონე გუნდის არენაზე გაიმართება.

ჩემპიონმა ‘ლელომ’ ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო. ჩემპიონმა შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა. მიმდინარე სეზონში ‘ლელოს’ შემადგენლობის ნახევარს უმცროს ჭაბუკთა გუნდიდან დაწინაურებული მორაგბეები შეადგენენ. დიდ დიღმელები ‘ლოკომოტივის’ საწრვთნელ ბაზაზე ელიტაში დაბრუნებულ ‘ლოკომოტივს’ დაუპირისპირდნენ. „რკინიგზელებმა“ მატჩის პირველ ნახევარში იაქტიურეს და მათმა მღლეტელმა დემეტრე საბანაძემ ლელოს გატანაც მოახერხა.

შეხვედრის დიდი ნაწილი კი ჩემპიონის საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. ‘ლელოს’ მწვავე შეტევებს უნარიანად ხელნმძღვანელობდა იმედისმომცემი მგეზავი და კაპიტანი გიგი სირბილაძე. ფავორიტმა ლელოთა უმრავლესობა კომბინაციურ სტილში გაიტანა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა შესვენებამდე მეტოქეს 4 ლელო დაუდეს. ჩემპიონის ფულბეკმა ნიკა ხალვაშმა მიჯრით 2 ლელო მიითვალა. მეორე ნახევარში ფავორიტმა მონაგარს კიდევ 3 ლელო შემატა. თავი კვაჭმა დავით არჩვაძემ, შუამარბმა ამირან ბიწკინაშვილმა და მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა ბადრი ნებიერიძემ გამოიჩინეს. ‘ლელომ’ დაგეგმილი ბონუს-ქულით მოიგო – 43:13.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლმა’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ უმასპინძლა. რიონისპირელებს გვარიანად გადახალისებულ შემადგელობასთან ერთად, ახალი მთავარი მწვრთენილი ჰყავთ ზურა ზვიადაძის სახით. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უაღრესად დაძაბული გამოდგა. მასპინძელთა ფულბეკ გიგა ყიფშიძის გარდაუსახავ ლელოსა და გატანილ ჯარიმას, ‘აიას’ მგეზავმა თემურ ძოძუაშვილმა 3 გატანილი ჯარიმა შეაგება, რამაც სტუმრებს პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმის მიწურულამდე მეტოქეებმა 1-1 გარდასახული ლელო მიითვალეს. ‘ხვამლის’ ფრთა გივი სოსელიას დადებულ ლელოს, სტუმრებმა ფულბეკ ავთანდილ ზვიადაძის ლელოთი უპასუხეს, ხოლო ძოძუაშვილის გატანილმა მორიგმა ჯარიმამ ‘აიას’ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. ‘ხვამლმა’ მეტოქეზე წნეხი გააძლიერა და საწადელს პრაქტიკულად ბოლო შეტევაში მიაღწია. სალელოვე შეტევის განზრახ ჩაშლისთვის მუხიანელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დაინიშნა, რამაც რიონისპირელები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. ‘ხვამლმა’ 22:19 მოიგო.

„ხარები არენაზე“, ‘ხარებმა’ ბრინჯაოსმედალოსანი ‘ბათუმი’ უშანსოდ დატოვა. მატჩის პირველივე წუთებიდან გიორგი ზირაქაშვილის ბიჭები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მასპინძლებმა დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, ტაიმებში გატანილ 2-2 ლელოსა და 24 უპასუხო ქულაში ასახეს. პირველ ტაიმში ლელო კვაჭმა გიგი ქართლელიშვლმა და მარბიელმა ნიკა ბაქანიძემ გაიტანეს, მეორე ნახევარში კი თავი შუამარბმა დავით მაკოევმა და ფრთა ლუკა ლობჟანიძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ მარქაფადან ჩართული ლობჟანიძის გარღვევის შეჩერება ბათუმელთა ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ ვერ შეძლო. ‘ხარებმა’ ჩემპიონატი პრემიალური ქულის თანხლებით დაიწყო, რამაც ქვემო ქართლელები, მოქმედ ჩემპიონ ‘ლელოსთან’ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია – 24:0.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘არმიას’ უმასპინძლა. ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ქვემო ქართლელებს სათავეში მამუკა ტყეშელაშვილი ჩაუდგა, „არმიელებს“ კი მიმდინარე სეზონში თენგიზ ჯინაშვილი თავკაცობს. ‘არმია’ რომელსაც გასულ სეზონში პოდიუმამდე 1 ნაბიჯი დააკლდა, პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას ფლობდა. „არმიელებმა“ მეტოქეზე 1-ით მეტი, 3 ლელო გაიტანეს, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ჯინაშვილის ბიჭები მხოლოდ 3 ქულიან სხვაობას დააჯერა.

მეორე ტაიმში ‘ყოჩებმა’ ტემპს უმატა, დაცვაში თამაში გაამკაცრა და მეტოქეს ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მისცა. ფულბეკ საბა შენგელიასა და ჰავბეკ ზუკა დემეტრაძის დადებული ლელოებით ‘ყოჩებმა’ მიჯრით 12 ქულა აიღეს და ბოლო წუთებზე 9 ქულით დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ‘არმიამ’ ჰავბეკ გიორგი მიშველაძის გატანილი ჯარიმით მხოლოდ ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა. ‘ყოჩებმა’ მატჩი 24:18 მოიგო.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115702