ფეხბურთი

2:12 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ლიდერობა სასიამოვნოა, მაგრამ ამაზე მეტად სხვა რაღაც მახარებს"
"მიწაზე უნდა დავრჩეთ და რეალისტები ვიყოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მონცასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლიდერობა სასიამოვნოა, მაგრამ მიწაზე უნდა დარჩნენ და რეალისტები იყვნენ.

„არცთუ ისე რთული კალენდარი გვქონდა, „იუვენტუსის“ და „ბოლონიას“ გამოკლებით, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ლიდერები ვართ, მით უფრო, რომ სეზონი წაგებით დავიწყეთ. კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებთ, ბიჭებში გაუმჯობესების დიდ სურვილს ვხედავ, ჩემთვის ეს უფრო დიდი სიხარულია, ვიდრე ის, რომ ახლა ლიდერები ვართ.

უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. მე ამ გუნდზე უკვე შეყვარებული ვარ, ძალიან კარგი ბიჭები მყავს, რაც კარგ ენთუზიაზმს ქმნის. ყველაფერი მესმის, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, რომ გულშემატკივრების ოცნება რეალობაც ვაქციოთ. ამავე დროს ძალიან რეალისტი უნდა ვიყო, მიწაზე უნდა დავრჩეთ და სხვებს არ ვუყუროთ. დღეს ცოტა ნერვიულობა შევნიშნე მატჩის დასაწყისში, რადგან ბიჭებმა იცოდნენ, რომ მოგებით ლიდერები გავხდებოდით და ცოტა წნეხი იგრძნობოდა.

რატომ დავაგვიანე შეცვლები? რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვიყავი თამაშით, როცა ხედავ, რომ კარგი ბალანსია, ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ. პოლიტანო შესანიშნავად თამაშობდა, დღეს ცვლილებების საჭიროება ვერ დავინახე.

სკუდეტოსთვის ბრძოლაში ევროტურნირებზე ართამაში უპირატესობაა იმ მხრივ, რომ გუნდთან მთელი კვირის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ მეორე მხრივ მინუსია ის, რომ როდესაც ევროტურნირებზე არ თამაშობ, არ გყავს ისეთი კონკურენტუნარიანი შემადგენლობა, როგორც იმ გუნდებს, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშობენ“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

0.111668