რაგბი

13:37 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | ინტერვიუ კაპიტნებთან

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი (10) აიღო. რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა ‘იბერიანსი’ (54:3) და ‘ლუზიტანუში’ (38:14) სტუმრად რეკორდული სხვაობებით დაამარცხა და ახლა ორი საშინაო თამაში ელით.

28 სექტმბერს, 18:30 საათზე ჩვენი გუნდი „ავჭალაზე“ ‘იბერიანსს’ დაუხვდება, ხოლო 12 ოქტომბერს ‘ლუზიტანუშს’ უმასპინძლებს და ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში სუპერ თასს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს, დეკემბერ-იანვარში კი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჩელენჯ თასზე.

აღსანიშნავია, რომ წელს ‘შავი ლომი’ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს. გუნდში 11 დებიუტანტი იყო, კაპიტნის ფუნქციებს კი ლუკა მატკავა და ლუკა ივანიშვილი ინაწილებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სუპერ თასის მოგებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს თამაშები გარკვეულწილად ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

„რაგბი ევროპის სუპერ თასს ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ. კარგი თამაშები ჩავატარეთ, თუმცა ყველას გვაქვს განცდა, რომ მეტის პოტენციალი გვაქვს. ნელ-ნელა ეს ჩვენი თამაშის ხარისხზე და შედეგებზეც ისახება. დაგვემატნენ ძალიან მაგარი ბიჭები, შევიკარით ერთ გუნდად და ეს საქმეს გვიიოლებს. ასევე დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, როგორც შარშანდელი ჩელენჯ თასიდან, ასევე სანაკრებო თამაშებიდან და სუპერ თასზე ბევრად უფრო მარტივად გამოგვდის ყველაფერი. ვფიქრობ, ჩელენჯ თასს კარგ კონდიციაში შევხვდებით და დიდ თამაშებშიც შევძლებთ იმ ყველაფრის სათანადოდ გადატანას, რაზეც ვვარჯიშობთ“ – აღნიშნავს მატკავა.

განვლილი თამაშებით კმაყოფილია ივანიშვილიც და იმედოვნებს, რომ „ავჭალაზე“ გუნდი იმ შეცდომებსაც გამოასწორებს, რაც გასვლით თამაშებში დაუშვა:

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ნახევარი შეიცვალა გვყავს დებიუტანტები, კარგი თამაშები ჩავატარეთ. ორივე თამაშის მეორე ტაიმში გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ და შევეცდებით ჩელენჯ თასს მზადყოფნაში შევხვდეთ, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“.

„როდესაც სუპერ თასზე ვთამაშობთ, ვიცით რომ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი გუნდი ვართ და ვცდილობთ მათთან მიმართებაში ყველა ასპექტში ორი თავით მაღლა ვიდგეთ. ‘შავი ლომი’ ახლა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მანამდე იყო, რაც თამაშებმაც დაგვანახა. კოკერილს ზუსტად ისეთი მიდგომა აქვს, როგორიც ნაკრების მიმართ. ვარჯიშები, თამაშის ტემპი ასეთივე სტანდარტისაა, რასაც ნაკრების მოთამაშეები მიჩვეული ვართ და მას ახალბედებიც ეჩვევიან“.

ორი კაპიტანი

კოკერილის გადაწყვეტილებით, ‘შავი ლომი’ ამ სეზონში მოედანზე ორი კაპიტნით გადის, რაც ივანიშვილისა და მატკავას თქმით „იდეალურად“ გამოდის.

„ერთს ხაზის მოთამაშეებთან აქვს კომუნიკაცია, მეორეს შერკინებასთან და ვცვლით ინფორმაციას“ – ერთხმად აღნიშნავს ორივე.

სუპერ თასის დარჩენილი ორი თამაშიდან ორივე ელოდება, რომ შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და „ავჭალაზე“ მისული მაყურებელი საინტერესო თამაშებს იხილავს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც განვლილ ორ შეხვედრაში გვქონდა. მთელი 80 წუთის განმავლობაში ისე უნდა გავისარჯოთ, როგორც დავიწყებთ. ვმუშაობთ პატარ-პატარა დეტალების გამოსწორებაზე, რათა წუნი მინიმუმამდე დავიყვანოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ. ვითამაშებთ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რომლისგანაც ძალიან დიდ მუხტს ვიღებთ. ისინი ჩვენგან დამაჯერებელ გამარჯვებას ელიან და ვეცდებით იმედი არ გავუცრუოთ“ – ამბობს ივანიშვილი.

სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ელოდება მატკავა:

„საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გულშემატკივარია და სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ვისურვებდი. მობრძანდით და ისიამოვნეთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ პატარ-პატარა დეტალები დავხვეწოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და ჩვენი თამაში იდეალურამდე მივიყვანოთ, რათა ჩელენჯ თასს ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო უკეთ მომზადებული შევხვდეთ. მოგების საკითხი არც განიხილება! ასევე ვფიქრობ, რომ ის ბიჭებიც მიიღებენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რომლებსაც განვლილ ორ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცათ“.

RUGBY.GE

0.115667