რაგბი

16:49 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ტაო 19:33 არმია

16-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, თბილისის ‘არმიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ თამაშის ბედი მეორე ტაიმში შემოატრიალა და გასული სეზონის პირველი ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ასპინძაში გამართულ შეხვედრაში სტუმრები 68-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, დარჩენილ დროში კი ორ-ორი ლელო და ჯარიმა გაიტანეს, სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და ბონუსიც აიღეს.

არადა თავიდან ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ. ისინი შერკინებაში დომინირებდნენ და ოთარ ტალახაძემ ანგარიში ჯარიმით მე-3 წუთზე გახსნა. მე-8 წუთზე ‘ტაომ’ კონტრშეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო, ვეფხია ფეიქრიშვილს ტალახაძე მიყვა, რომლის ფეხით გადაკიდებული ბურთი მისთვის სასურველი ტრაექტორიით ახტა და ოთარმა თავისივე გატანილი ლელო გარდასახა.

მალე უპირატესობა ოთარ მეტრეველმა გაზარდა, რომელმაც 40 მეტრიდან არეკნი გაიტანა. მერლს პიტერსს გასატანი პოზიციიდან საპასუხო ჯარიმა გაუცუდდა, 29-ე წუთზე კი ‘არმიას’ შერკინება ერთხელაც დაჯარიმდა და ტალახაძემ ანგარიში 16:0 გახადა. ტაიმის ბოლოს მოთამაშეებს ნერვებმა უმტყუნა და რეფერიმ, იოსებ ჯაფარიძემ მასპინძელთაგან გიორგი ნავროზაშვილი, ხოლო სტუმართაგან ნოდარ ჭეიშვილი გაასინბინა.

შესვენების წინ შორეული ჯარიმა ტალახაძეს გაუცუდდა, გაწითლებულ დროზე კი თბილისელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, პიტერსი ფრთაზე ორ მბოჭავს გასცდა და საპასუხო ლელო თავადვე გარდასახა – 16:7.

მეორე ტაიმი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო. პიტერსს კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ 46-ე წუთზე თავისი მეორე გარდასახვა გაიტანა. ლელო დავით ბარბაქაძემ მიითვალა, რომელმაც ფეხით ორჯერ ითამაშა და ბურთი ლელოში დაამიწა. ტაიმის შუაში ტალახაძემ და პიტერსმა ჯარიმები გაცვალეს. 66-ე წუთზე საბა გოგოლაურმა ყვითელი ბარათი მიიღო და ‘არმია’ კაცნაკლული დარჩა, თუმცა რიცხობრივი თანაფარდობა 1 წუთში, პაატა ბურჭულაძის სინბინის შემდეგ აღდგა და პიტერსმა გატანილი ჯარიმით სტუმრები პირველად დააწინაურა.

72-ე წუთზე პიტერსმა მორიგი ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, შეხვედრის მიწურულს კი ჯესე მაროვიამ და ლაშა ბარბაქაძემ ლელოები გაიტანეს და ‘არმიამ’ 33:19 იმარჯვა. მერლს პიტერსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო მისი ‘არმია’ 10 ქულით ‘არესს’ გაუტოლდა და მეორე ადგილზეა. ‘ტაო’ 4 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება.

RUGBY.GE

0.11776