თბილისის ‘ხვამლმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 28:8 სძლია და საკუთარ მოედანზე ბონუს-ქულით მეორე გამარჯვება მოიპოვა.
‘ყოჩები’ დისციპლინამ დააღალატა, რის გამოც მოედანზე უმეტესად კაცნაკლული იყო. შედეგად, ბოლნისელებს სამი თამაშის შემდეგ ერთადერთი ქულა დარჩათ და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება მუხიანელებს, ისინი 10 ქულით ლიდერებს – ‘არესსა’ და ‘არმიას’ გაუტოლდნენ.
დებიუტში მასპინძლებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ. მე-5 წუთზე ლუკა გელაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და სოსო მათიაშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. ‘ხვამლს’ დასალაგებლად დაახლოებით 10-12 წუთი დაჭირდა და ინიციატივას დაეუფლა, რასაც მე-19 წუთზე ირაკლი სულეიმანაშვილის ლელო მოყვა.
30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მათიაშვილმა მიიღო და ცინცაძემ ჯარიმა გაიტანა. შესვენებამდე 2 წუთით ადრე კაცნაკლულ ბოლნისელებს ჩამორჩენის შემცირების კარგი შანსი ქონდათ, რადგან კარის წინ 10 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს, მაგრამ გიორგი მიქანაძე მეტოქესთან პოლემიკაში შევიდა, რის გამოც თავად სინბინით დაისაჯა და ჯარიმაც შეტრიალდა. ‘ხვამლმა’ 13-კაციან მეტოქეს თავისი ნახევრიდან ხელდახელ შეუტია და საბა ინალიშვილმა ლელო გაიტანა – 13:3.
მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო და 44-ე წუთზე ლელო გავიდა. მარჯვენა ფრთაზე ლაშა ლომიძემ შეუტია, 5-მეტრიანთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა და იოსებ გუშარაშვილი ვერავინ შეაჩერა. მათიაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ხუთიოდე წუთში ბოლნისელებმა საკუთარ 22-ში ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, ის გიგა ყიფშიძემ აიტაცა და მისი ლელო ნიკა ცინცაძემ გარდასახა.
52-ე და 58-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიხეილ აბრამიშვილმა და გუშარაშვილმა მიიღეს და ‘ყოჩები’ გარკვეული დროით მოედანზე კვლავ 13 კაცით დარჩა. მეორე ეპიზოდში ცინცაძემ ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 71-ე წუთზე ‘ხვამლმა’ კარის წინ 5 მეტრში ჯარიმა გაითამაშა და სერგი ლეჟავამ ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. სულ ბოლოს გელაშვილი და აბრამიშვილი წაიჩხუბნენ, შოთა თევზაძემ ორივე მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ორივესთვის მეორე და შესაბამისად, წითელი ბარათის ტოლფასი იყო. ‘ხვამლმა’ შეხვედრა 28:8 მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ირაკლი სულეიმანაშვილი გახდა.
კვირას, 22 სექტემბერს მე-3 ტურის ორი თამაშია. 16 საათზე ‘ხარები’ ‘ლელოს’ რუსთავში მასპინძლობს, ხოლო 18 საათზე ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი – ‘ყაზბეგი’ და ‘აია’ „ავჭალაზე“ შეხვდებიან.
RUGBY.GE