ნევროზის განვითარება უკავშირდება ღრმა ფსიქოლოგიურ კონფლიქტს, რომელიც ხელს უშლის პიროვნების ბაზისური ინტერესების დაკმაყოფილებას ან მის მომავალს უქმნის საფრთხეს და მისი დაძლევა ადამიანს არ შეუძლია.
ნევროზის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პიროვნების როგორც ფსიქოლოგიური მახასიათებლები (პიროვნების თავისებურებანი, აღზრდა და განვითარება, სოციუმთან დამოკიდებულება), ასევე ბიოლოგიური ფაქტორები, ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების არასრულფასოვნება, რომელიც მას ხდის მოწყვლადს სტრესის მიმართ.
ნევროზი კლინიკურად ვლინდება მრავალფეროვანი სიმპტომებით და შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა კლასიფიკაცია, ძირითადად გამოყოფენ შემდეგ სახეობებს:
შფოთვით - ფობიური დარღვევები
სადაც წამყვანი ჩივილია შიში, არამოტივირებული შფოთვა, ან მეტად ფოკუსირებული, თუმცა ირაციონალური ფობია. ხშირად ვლინდება:
- განგაშის მდგომარეობა;
- დაძაბულობა, გაღიზიანება, ნევროტულობა;
- მოდუნების გაძნელება;
- კუნთური დაჭიმულობა და ტკივილი;
- ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, მერყევი არტერიული წნევა;
- ვლინდება ფსიქოვეგეტატიური პანიკური შეტევები.
იპოქონდრიული ნევროზი
რაც გულისხმობს რაიმე დაავადების არსებობის უსაფუძვლო შიშს.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ხასიათდება:
- განმეორებადი, არაკონტროლირებადი ფიქრებითა და შეგრძნებებით;
- ხშირი, აკვიატებული რიტუალური ქცევებით, რომლებიც აკვიატებული-ობსესიური ფიქრებით გამოწვეული დაძაბულობის განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. გვხვდება სისუფთავის, საგნების დათვლის, ხელების დაბანის აკვიატებული ქცევები.
ასთენიურ ნევროზს (ასთენია ნიშნავს გამოფიტვას) ახასიათებს:
- მუდმივი აუხსნელი დაღლილობა;
- შრომისუნარიანობის, კონცენტრაციის, ათვისების უნარების დაქვეითება;
- გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა;
- ცრემლიანობა;
- ძილის დარღვევა;
ასეთი ადამიანი თავს არიდებს სხვადასხვა აქტივობას და ამით ცდილობს შეამციროს შინაგანი კონფლიქტი.
ნევროზული დეპრესია ხასიათდება:
- დაზარალებულობის, მიტოვებულობის შეგრძნებით;
- სიხარულის განცდის დაკარგვით;
- ძილის დარღვევით (ჭარბი ძილიანობა ან უძილობა).
სომატოფორმული ნევროზები
სომატოფორმული ნევროზები ხასიათდება იმ შინაგანი ორგანოების ფუნქციური დარღვევით, რომლებიც რეგულირდება ავტონომიური ვეგეტატიური სისტემით (გულსისხლძარღვთა, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, ბრონქიალური, ოფლის გამომყოფი სისტემები).
ისტერიული ნევროზის დროს ვლინდება პიროვნების ხასიათობრივი თავისებურებები:
- ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი;
- სხვადასხვა ნევროლოგიური და ორგანული დაავადებების იმიტაცია: სისუსტე კიდურებში, კოორდინაციის, მეტყველების, მხედველობის დარღვევები;
- ცნობიერების ინტეგრაციული ფუნქციის ცვლილებები - ფსიქოლოგიური ამნეზიები, პიროვნების გაორება და სხვა.
ნევროზის დიაგნოზი და მკურნალობა
ნევროზი ხასიათდება განმეორებითი, გახანგრძლივებული, ქრონიკული მიმდინარეობით. იგი მნიშვნელოვნად აქვეითებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს, ადაპტაციას გარემოში, რეალიზებას ცხოვრებაში. სწორი დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის პირობებში 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა მართვადი და განკურნებადია.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მედიკამენტოზურ თერაპიას, რომლის შერჩევა ხდება სპეციალისტის მიერ დიაგნოზის შესაბამისად
ჩაეწერეთ ექიმთან „ავერსის კლინიკაში“ ონლაინ.
®