ფეხბურთი

0:49 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ლიონი" 10-კაციან "მარსელთან" დამარცხდა
ქართველმა ფორვარდმა 67-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „ლიონმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა - 2:3.

არადა, „მარსელი“ მეხუთე წუთიდან მოყოლებული ლეონარდო ბალერდის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში იყო. პირველი ტაიმის მიწურულს ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტიც ვერ გაიტანა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

53-ე წუთზე დუჟე ცალეტა ცარმა მოახერხა და „ლიონი“ წინ გაიყვანა. თანაც, ხორვატმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. გიორგი მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე 67-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა.

ორიოდ წუთში პოლ ლიროლამ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ულისეს გარსიამ „მარსელი“ დააწინაურა. რაიან შერკიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა, თუმცა, 10-კაციანმა „მარსელმა“ „ლიონს“ 95-ე წუთზე მესამეც გაუტანა... მიქაუტაძეს ორჯერ ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და „ლიონში“ ჯერ კიდევ სადებიუტო გოლის მოლოდინშია.

„ლიონი“ 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 სექტემბერს, „ტულუზს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე სამი დღით ადრე ევროპა ლიგის პირველ ტურში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

0.113401