ფეხბურთი

21:40 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" 10-კაციან "არსენალთან" მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ყველას ინტერესი „მანჩესტერ სიტის“ და ლონდონის „არსენალის“ მატჩის მიმართ იყო, რომელმაც მოლოდინი გაამართლა.

მიკელ არტეტას გუნდი „ეტიჰად სთედიუმზე“ ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ წამები დააკლდა მიზნამდე. მთავარი მოვლენები მაინც პირველ ტაიმში განვითარდა. მეცხრე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გახსნა ანგარიში და „მანჩესტერ სიტის“ მაისურით მეასე გოლი გაიტანა (105 მატჩში).

თუმცა, სწრაფი გოლის გაშვების მიუხედავად, „არსენალი“ არ დაბნეულა და მალევე საოცარი გოლით გაათანაბრა, რიკარდო კალაფიორიმ შორი მანძილიდან ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რაც „არსენალში“ მისთვის სადებიუტო იყო. 45-ე წუთზე კი, გაბრიელ მაგალაეშმა „მეთოფეები“ წინ გაიყვანა!

თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე „არსენალი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ლეანდრო ტროსარს ბურთის გადაგდებისთვის მაიკლ ოლივერმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, ამ ეპიზოდმა თამაშის სცენარი შეცვალა.

მეორე ნახევარში „არსენალი“ მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე იყო, „სიტი“ ბევრს უტევდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო. 98-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა შეძლო გატანა და მანჩესტერელები მარცხისგან იხსნა - 2:2.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგას 13 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში „ნიუკასლ იუნაიტედს“ ესტუმრება. „არსენალს“ 11 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ლესტერს“ უმასპინძლებს.

აქვე ვთქვათ, რომ პრემიერლიგის ტურამდე, 24 სექტემბერს, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასზე გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.

„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (9), 1:1 კალაფიორი (22), 1:2 გაბრიელი (45), 2:2 სტოუნსი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119958