ფეხბურთი

0:19 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ვიცი, "იუვესთან" სტუმრად ფრე რამდენად რთულია, მაგრამ ჩვენი მეკარე მოედნიდან სუფთა ხელებით გავიდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია თამაშის ხარისხით და ასევე კომენტარი გააკეთა სქემის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ტაქტიკის შეცვლა განაპირობა იმან, რომ სატრანსფერო ბაზრის მიწურულს მაკტომინეი და გილმორი დავიმატეთ, შემადგენლობაში ფოლორუნშოც დავაბრუნეთ. ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ნახევარმცველი მყავდა, ახლა სხვა სიტუაციაა. ამ კვირაში 4-3-3 სქემაზე ვიყავით კონცენტრირებული. ამ სქემით დაცვითი ფაზის მეშინოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. 3-5-2 სქემით ბევრ ფეხბურთელს „მოვკლავდი“, შესაბამისად, ამას აზრი არ აქვს. მწვრთნელი მაშინაა კარგი, როცა ფეხბურთელების თვისებებს ერგება. მიზანი იყო „იუვენტუსისთვის“ ბურთი არ დაგვეთმო და ჩემი აზრით, როცა ეს შევძლეთი, ძალიან კარგად გამოგვივიდა, კვარას და პოლიტანოს სივრცეებიც გამოუჩნდათ.

შეტევაში უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან იყო სიტუაციები, რომლებიც უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. ვიცით, რომ „იუვენტუსთან“ სტუმრად ფრის მიღწევა რთულია, გასულ სეზონში მათ 18 ქულით გვაჯობეს. თამაშის შეფასება ყველას თავისებური აქვს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დი გრეგორიომ მაკტომინეის და ლუკაკუს რთული დარტყმები მოიგერია, ჩვენს მეკარეს კი, ხელიც არ გასვრია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 10 ქულა აქვს, მომდევნო მატჩში 26 სექტემბერს, იტალიის თასზე „პალერმოს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ში 29 სექტემბერს, „მონცას“ ეთამაშება.

0.105795