რაგბი

16:57 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 19:15 არესი

‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ‘არესს’ 19:15 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რითაც „სარბიელის სინს“ დაეუფლა, რომელსაც ქუთაისელები გასული ჩემპიონატიდან ფლობდნენ.

თამაშს გუნდები განსხვავებული პოზიციებით შეხვდნენ. ‘არესს’ სეზონის სტარტზე ორივე თამაში მოგებული ჰქონდა და პირველ ადგილზე იყო, ხოლო ‘ბათუმმა’ ორივე შეხვედრა დათმო და მესამე ტურის წინ ბოლო ადგილს იკავებდა, თუმცა ზღვისპირელებმა ის ორივე მატჩი სტუმრად გამართეს, ახლა კი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს.

„ბათუმი არენაზე“ ანგარიში 22-ე წამზე გაიხსნა. გუგა მარგველაშვილი საკუთარი 22-დან ფეხით ცდილობდა გამოსვლას, რა დროსაც ლაშა ფოფხაძემ დაუფარა და ლელო გაიტანა. ‘არესმა’ მე-8 წუთზე გიორგი თევდორაძის 20 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, რასაც კვლავ მასპინძელთა შეტევა, გუგა მარგველაშვილის სინბინი და ვაჟა მიქაძის ჯარიმა მოყვა, რომელმაც მასპინძლების უპირატესობა კვლავ 5 ქულამდე გაზარდა.

ქუთაისელებმა ლელო 27-ე წუთზე გაიტანეს. ზურა ძნელაძემ ხაზი გაჭრა, მას მარჯვენა ფრთაზე პატერსიო ფინაუ მიყვა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა. მალე სტუმრებს დაწინაურების კარგი შანსი ქონდათ, მაგრამ მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს, 39-ე წუთზე კი მეორე ლელო გაუშვეს: კავეკინი ტამბუმ ხაზი გაჭრა და წინააღმდეგობის მიუხედავად 30 მეტრი იარა, მერე შებოჭილმა ბურთი რომან მახათაძეს ამოუგდო და მასპინძლებმა ტაიმი 13:8 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არესმა’ დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა, ნიკა ძნელაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე დაახლოებით 32 მეტრი ირბინა. თევდორაძემ გარდასახა და სტუმრები 2 ქულით დააწინაურა, თუმცა მიქაძემ 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით 3 წუთში უპასუხა. მას მომდევნო შერეული დარტყმა გაუცუდდა, შემდეგი შანსი 58-ე წუთზე მიიღო და ანგარიში 19:15 გახადა, თანაც ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი ზაალ ცქიფურიშვილმა მიიღო და ‘არესი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა.

‘ბათუმმა’ ამით ვერ ისარგებლა, დასკვნით წუთებში კი ინიციატივას ‘არესი’ დაეუფლა. ქუთაისელებმა რამდენჯერმე შეუტიეს 5-მეტრიანი დერეფნიდან. ზღვისპირელები ჯარიმდებოდნენ და სინბინით ჯერ გიორგი თხილაიშვილი, მერე ლუკა ვადაჭკორია დაკარგეს, მაგრამ 13 კაცით დარჩენილებმა მეტოქის დერეფანი მოიგეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს – 19:15.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კავეკინი ტამბუ გახდა. ‘არესმა’ მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა მიიღო და ჯამში 10-ით პირველ ადგილზეა. ‘ბათუმს’ 5 ქულა გაუხდა და მე-6 პოზიციამდე დაწინაურდა, თუმცა ტურის დანარჩენი თამაშები ხვალ და ზეგ გაიმართება.

RUGBY.GE

0.117849