ფეხბურთი

1:10 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ქამბექი "ლაიფციგთან", "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. „ბარსელონამ“ სტარტი წარუმატებელად აიღო, რადგან „მონაკოსთან“ უქულოდ დარჩა.

ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგაში შეუჩერებელია, მაგრამ „ლუი II”-ზე ძალიან გაუჭირდა. ეს იმიტომაც მოხდა, რომ მე-12 წუთიდან კატალონიელები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან ერიკ გარსია გააძევეს. „მონაკო“ მე-16 წუთზე აკლიუჩეს გოლით დაწინაურდა, რასაც პირველივე ტაიმში ლამინ იამალმა უპასუხა. მან სადებიუტო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და ტურნირის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. „ბარსელონამ“ ეს შედეგი მეორე ნახევარში ვერ შეინარჩუნა, რადგან მონეგასკებმა 71-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი მაინც შეაგდეს.

სამაგიეროდ, მეორე ესპანურმა გუნდმა, „ატლეტიკომ“ კარგად დაიწყო, რადგან 3 ქულა მოიპოვა. „როხიბლანკომ“ „ლაიფციგს“ აჯობა - 2:1. არადა, გერმანელები მეოთხე წუთზე ბენჟამინ შეშკოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ჯერ ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთზე ხოსე მარია ხიმენესმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

კიდევ ერთი მატჩი უგოლოდ დასრულდა, ბერგამოს „ატალანტასა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის. ნულოვანი ფრე არ იქნებოდა, რომ არა დავიდ რაია. ინგლისელთა ესპანელმა მეკარემ მეორე ტაიმის დასაწყისში მატეო რეტეგის პენალტი მოიგერია, რომელსაც იქვე დამატებაზეც სასწაულებრივ აჯობა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა, რაზეც უკვე დავწერეთ...

„ატლეტიკო“ – „ლაიფციგი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 შეშკო (4), 1:1 გრიზმანი (28), 2:1 ხიმენესი (90)

„მონაკო“ – „ბარსელონა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 აკლიუჩე (16), 1:1 იამალი (28), 2:1 ილენიხენა (71)

„ატალანტა“ – „არსენალი“ 0:0 (0:0)

0.122538