სხვა

17:20 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. IOC-ის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი შვიდია.

კანდიდატთა შორის არის მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსიპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი, ფრანგი დავიდ ლაპარტიენტი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის პრინცი, ფეისალ ალ-ჰუსეინი და ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.

ცოტა ხნით ადრე, პარიზში გამართულ IOC-ის სესიაზე, IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა გაისად ეწურება, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს აღარ იყრიდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება IOC-ის სესიაზე, რომელსაც 2025 წლის 18-21 მარტს საბერძნეთის ქალაქი ოლიმპია უმასპინძლებს. ახალი პრეზიდენტი თავის მოვალეობას 2025 წლის ივნისიდან შეუდგება.

პრეზიდენტობის კანდიდატები IOC-ის წევრებს თავიანთ პროგრამას გააცნობენ დახურულ სხდომაზე, რომელიც 2025 წლის იანვარში ლოზანაში გაიმართება.

GEONOC.ORG.GE

0.113069