ფეხბურთი

23:15 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "იბერიას" მოუგო და სატურნირო ცხრილში "დილას" დაეწია

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა „ტორპედოსა“ და „იბერიას“ შორის, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

უშუალო კონკურენტთა დუელი ძალიან დაძაბული გამოდგა, თავიდან „იბერია“ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 3 ქულა „ტორპედომ“ მოიპოვა.

„იბერია“ მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილის გოლით დაწინაურდა. თუმცა, „ტორპედომ“ მოახერხა მაინც გამარჯვება, რადგან 77-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაათანაბრა, ხოლო ოთხ წუთში ცოტნე ფაცაციამ გამარჯვების გოლი მიითვალა.

მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთი შეჩერებული იყო. საბოლოოდ, სტივ კინის გუნდმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.

„ტორპედო“ 48 ქულით გორის „დილას“ დაეწია და ისინი ლიდერობას იყოფენ, ხოლო „იბერია“ 45 ქულით მესამე საფეხურზეა. მომდევნო ტურში „ტორპედო“ „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „იბერია“ – „კოლხეთს“.

0.117421