ფეხბურთი

18:45 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გვინდა, ჩემპიონთა ლიგაზე თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ"

ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის მოლოდინზე და სხვა თემებზეც ისაუბრა.

„შოტლანდიაში ნაკრებთან ერთად უკვე ვითამაშე და დაახლოებით ვიცი, რა გველოდება იქ. ადგილობრივი გულშემატკივრები ფეხბურთით არიან გატაცებულნი. ატმოსფერო, რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი იქნება. თუმცა, ჩვენ საკმარისად გამოცდილი ვართ, რომ გავუმკლავდეთ მას და მივიღოთ მისგან დადებითი მხარეები. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩემპიონთა ლიგას იმის გამო, რაც მას მოაქვს.

მოდი, ვიყოთ რეალისტები. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ქულების მოპოვებასთან დაკავშირებით არ მსურს რაიმე შეფასების ან მიზნების დასახვა. ახალი ფორმატით მსგავს რამეს ვერც ერთი მონაწილე ვერ დაგეგმავს. ამ ტურნირზე მხოლოდ საუკეთესო გუნდები თამაშობენ. ჩვენ მაინც გვინდა, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და სლოვაკეთი ევროპაში. მხოლოდ ერთის დაპირება შემიძლია - ყველაფერს გავიღებთ მოედანზე და ყველა მატჩში 100%-ით დავიხარჯებით.

ჩემი წარმატების საიდუმლო? პირველ რიგში, ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა მაინტერესებს. შეძლებისდაგვარად კარგად მძინავს.. შემდეგ დიეტა - ვჭამ კარგ საკვებს და ფოკუსირებული ვარ დანამატებზე, რათა მივიღო ყველაფერი, რაც ორგანიზმს სჭირდება. სპორტდარბაზშიც ცალკე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. რეგენერაცია და დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. დღისით ხშირად მიპოვი სახლში დივანზე (იღიმის). ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ გარეთ არ გავდივარ. ვარჯიშის შემდეგ მირჩევნია სახლში წასვლა, ძილი ან ტელევიზორის წინ დივანზე დაწოლა. ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი ჰობია.

„სლოვანში“ უმნიშვნელო გამარჯვებები და მატჩები არ არის. მე აქ მეოთხე სეზონია ვარ და არ მახსოვს, როცა შედეგის მხრივ ზეწოლა არ გვქონდა. განსაკუთრებით იმ კლუბებთან, ტიტულისთვის ბრძოლაში ჩვენი კონკურენტები არიან. ვფიქრობ, „დუნაისკა სტრედასთან“ გამარჯვებით ტიტულზე განცხადება გავაკეთეთ. ამისთვის ვიბრძოლეთ, სწორი მიდგომა გამოვიჩინეთ. ძალიან მსიამოვნებს ასეთი მატჩები. კარგი უიქ-ენდი იყო, ახლა კი „სელტიკზე“ ვფიქრობთ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „სელტიკისა“ და „სლოვანის“ მატჩი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. სლოვაკურ გუნდს წილისყრაში საკმაოდ არ გაუმართლა, რადგან ძლიერი მეტოქეები ერგო: „სელტიკი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჟირონა“, „დინამო ზაგრები“, „მილანი“, „ატლეტიკო“, „შტუტგარტი“ და „ბაიერნი“.

0.124376