რაგბი

21:18 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 16:21 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ 21:16 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ‘ყოჩებმა’ პირველ ტაიმში 16-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლა და პირველი, ნუგეშ-ქულა მოიპოვა.

მატჩის პირველ ნახევარში სტუმრებმა 16 უპასუხო ქულა აიღეს. ანგარიში მატჩის დებიუტში ‘ხარების’ მგეზავმა სანდრო მარგიანმა ჯარიმით გახსნა. მე-14 წუთზე მარცხენა ფრთაზე სოსო მათიაშვილი გაიქცა და ალამთან ლამაზ ნახტომში ლელო გაიტანა, მაგრამ ეპიზოდი ვიდეო-რეფერიმ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ კონტაქტისას ბურთი გვერდით ხაზზე დაამიწა და ‘ყოჩების’ გრაფაში 0 დარჩა. მერე სოსომ არეკნით სცადა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მის დარტყმულს ძალა დააკლდა.

ტაიმის ბოლოს რუსთაველები გააქტიურდნენ და უპირატესობა მნიშვნელოვნად გაზარდეს. 32-ე წუთზე ‘ხარებმა’ დერეფანში ბურთი ვერ მოიგო, თუმცა ის ალექსი ზაზაძემ აიტაცა, ხაზი სუფთად გაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო ძელებსშუა გაიტანა. მარგიანმა გარდასახა, რასაც კიდევ ორი ჯარიმა მიაყოლა და სტუმრები 16:0 დააწინაურა.

დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი მარგიანმა ყვითელი ბარათი მიიღო და მათიაშვილმა კარის წინ 35 მეტრიდან 3 ქულა გაქვითა. ‘ხარებმა’ ბურთი მალევე მოიპოვა, მეტოქის 22-ში ფაზები აკინძა და რატუ საინივალატიმ ძალისმიერი ლელო გაიტანა. გარდასახვა ჰორიზონტალურ ძელს მოხვდა რუსთაველების უპირატესობა 18 ქულა დარჩა.

‘ყოჩები’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 54-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა. მეტოქის დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ ის ფრთაზე რანი ფხალაძემდე ჩათამაშდა და ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა. ორიოდე წუთში ბოლნისელებმა ლამაზი შეტევით მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ეს ეპიზოდიც გადაამოწმა, წინ-პასი დააფიქსირა და ლელო გაუქმდა.

მასპინძლებმა მეორე ლელო 62-ე წუთზე მაინც გაიტანეს – მათიაშვილის პასის შემდეგ ირაკლი გეგენავამ ორ მბოჭავთან ჭიდილში მიზანს მარჯვენა ალამთან უწია. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და თითქოს ‘ყოჩებს’ თამაშის შემობრუნების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ მალევე მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. საბა აბულაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ჯაბა ბრეგვაძე და იოსებ გუშარაშვილი გაასინბინა.

დასკვნით წუთებში ყვითელი ბარათი კიდევ ორმა მორაგბემ მიიღო – კობა ჯიმშელეიშვილმა ‘ხარებიდან’ და თემურ ჭიჭინაძემ ‘ყოჩებიდან’. კაცნაკლულმა ბოლნისელებმა ბოლო წუთზე შეძლეს კარის წინ 15 მეტრში ჯარიმის გამომუშავება, მათიაშვილი ზუსტი იყო და საბოლოო შედეგის დაფიქსირებასთან ერთად, საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა – 16:21. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მარგიანი გახდა.

RUGBY.GE

0.113929