რაგბი

11:48 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 36:10 ტაო

ქუთაისის ‘აიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ბოლო წუთზე მეხუთე ლელო გაუტანა და ბონუს ქულით, 36:10 გაიმარჯვა.

crocobet დიდი 10-ის მეორე ტურში ქვეყნის ჩემპიონი დებიუტანტს „აია არენაზე“ დაუხვდა. სტუმრებს არაერთი სალელოვე შანსი ქონდათ, მაგრამ მათგან მხოლოდ ორი გამოიყენეს და გამოცდილმა მასპინძლებმა კომფორტული სხვაობით იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის რიგებში თამაშობდა ოთარ მეტრეველი და ორივე მათგანმა შეხვედრაში ლელო გაიტანა.

‘ტაოს’ ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებზე შეეძლო, მაგრამ თორნიკე კახოიძემ მეტოქეს ბურთი ხელიდან ააცალა. პასუხად ‘აიამ’ მე-7 წუთზე მაღალ ტემპში შეუტია, მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი ბაბუნაშვილის გადაცემის შემდეგ ლელო ოთარ მეტრეველმა გაიტანა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

სტუმრებს პასუხის გასაცემად რამდენიმე კარგი შანსი ქონდათ. მათ ორჯერ გაჭრეს ხაზი, თუმცა სწორი გაგრძელება ვერ იპოვეს. მერე ლუკა ზუხბაიამ დაარტყა ჯარიმა კარის წინ 30-35 მეტრიდან, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

ტაიმის დასკვნითი 10 წუთი მასპინძლების იყო. კოხოძის საუცხოო გარღვევის შემდეგ ლელო ზურაბ ხუციძემ გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა, მერე კი საბა ხონელიძემ ცრუმოძრაობაზე ‘ტაოს’ მთელი დაცვა დაიჭირა, ხაზი გაჭრა და მისი ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა – 22:0.

თამაში რომ განახლდა სტუმართა ფულბეკმა გიორგი ნავროზაშვილმა თავისი ნახევრიდან წამოიწყო კონტრშეტევა, მას კარგად მიყვა ოთარ მეტრეველი და პირველი საპასუხო ლელო მიითვალა. ორიოდე წუთში ‘ტაო’ ვალდებული იყო მეორე ლელო გაეტანა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან კვლავ ვერ იხეირა. მომდევნო 10 წუთში თითო-თითო სალელოვე შანსი ორივე გუნდმა გაანიავა, მე-60-ე წუთზე კი გიორგი ფრუიძემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა.

‘ტაო’ არ გატყდა, 67-ე წუთზე რაქიდან მოულოდნელ შეტევას ვეტერანი ბორჯღალოსანი გოშა შკინინი მიყვა და ლელო ალამთან გაიტანა. ასეთ პირობებში ქუთაისელები ბონუს-ქულას კარგავდნენ, მით უმეტეს, რომ მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ (მათე ობოლაძე სინბინში), მაგრამ 78-ე წუთზე ელგუჯა მახარეიშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა თავის გუნდს 5 საცხრილო ქულა მოუტანა, გარდასახვით კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 36:10. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ შუამარბი ოთარ მეტრეველი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114426