რაგბი

12:10 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 62:35 ხვამლი

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ 21-ქულიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“ და სანახაობრივ, ლელოუხვ მატჩში ბონუსით, 62:35 დაამარცხა.

crocobet დიდი 10-ის მეორე ტურში, „აია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ჯამში 14 ლელო გავიდა. პირველ ტაიმში გუნდებმა 4-4 ლელო გაცვალეს და ის ფრედ 28:28 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. ‘არესი’ უდიდეს უპირატესობას ფლობდა ძალისმიერ თამაშში, რასაც ‘ხვამლმა’ ვერაფერი დაუპირისპირა.

არადა თამაში თბილისელთა სრული დომინირებით დაიწყო და 10 წუთში გატანილი 3 გარდასახული ლელოთი, ‘ხვამლი’ 21:0 დაწინაურდა. ანგარიში ნიკა ცინცაძემ გახსნა, რომელიც ზურა ლუტიძეს კარგად მიყვა; თამაში რომ განახლდა ხაზი უკვე ჯოელი მბალელეივუკამ გაჭრა, მერე ბურთი ფეხით გადაიკიდა და 70-მეტრიანი გარღვევა 5 ქულით დაასრულა; მე-8 წუთზე მორიგი ხელდახელ შეტევა ლელოთი ფრიდონ წიკლაურმა დაა სრულა და ცინცაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა – 0:21.

‘არესმა’ მე-11 წუთზე ძალისმიერი შეტევით და იაგო ხელაძის ლელოთი უპასუხა, რომელიც გიორგი თევდორაძემ გარდასახა, თუმცა მალევე ცინცაძემ სისწრაფეში მიიღო გადაცემა, ხაზი სუფთად გაჭრა, მას კარგად მიყვა საბა ინალიშვილი და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ცინცაძემ სტუმართა 21-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მასპინძლები არც ამან გატეხა და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ზაალ ცქიფურიშვილის ლელოთი დასრულდა. 25-ე წუთზე ნიკა ძნელაძემ ცრუმოძრაობებით გვერდი რამდენიმე მცველს აუარა და ‘ხვამლის’ ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან ბურთი ზურა ძნელაძემ აიტაცა, დარჩენილი მანძილი მბოჭავთან ჭიდილში დაფარა და ლელო გაიტანა. 36-ე წუთზე დერეფნის შემდეგ შექცეული პასით ხაზი სუფთად ნიკა ძნელაძემ გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. თევდორაძემ ცინცაძის მსგავსად ოთხივე გარდასახა და ტაიმი – 28:28 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ‘არესმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან სამჯერ ააგორა მოლი და ლელოები არსენ მაჩალაძემ, ირაკლი თევზაძემ და გოგა კობახიძემ მიითვალეს. თევდორაძემ სამივე გარდასახა და მერე შორეული არეკნით მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა. ‘ხვამლმა’ სიტუაციის გამოსწორება სცადა და ზურა ლუტიძემ ფეხით შეცურებული ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რასაც ცინცაძის გარდასახვა მოყვა.

მაგრამ ‘არესი’ არაფრის დათმობას არ აპირებდა, გოგა კობახიძემ მოლით და ღია თამაშით კიდევ ორი ლელო გაიტანა (სულ 3) და ქუთაისელებმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, ამჯერად ბონუსით – 62:35. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ კაპიტანი არსენ მაჩალაძე გახდა.

კვირას, 15 სექტემბერს, ბოლნისის ‘ყოჩები’ რუსთავის ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ 16 საათზე მასპინძლობს, თბილისის ‘ლელო’ კი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 18 საათზე „ლელო არენაზე“ დაუხვდება.

RUGBY.GE

0.147481