რაგბი

12:37 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘გორმა’ და ‘წიქარამ’ ბონუსით დაიწყეს

პირველი ლიგის მონაწილეთა შორის სეზონის წინ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონი ‘აკადემია’ ჩემპიონატში ‘აკადემია-ლაშარის’ სახელით გამოვა. თეთრი წყაროს ‘იუნკერები’ კი ქვედა ლიგელ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ შეერწყა. გუნდი პირველობაზე ‘ფოთის’ სახელით იასპარეზებს და საშინაო შეხვედრებს კოლხეთში, „პარკი არენაზე“ გამართავს. კოლხებს მთავარ მწვრთნელად, ლიგაში მომუშავე ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი სამხრეთ აფრიკელი ლუდვი ბოი უთავკაცებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘წიქარასა’ და ‘რუსთავის’ სახით ლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს.

წინა სეზონის მსგავსად პირველობის ფორმატი უცვლელი დარჩა. რეგულარულ სეზონში 10 გუნდი 2 წრედ, 18 ტურად იასპარეზებს, რის შემდგომ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას მოწინავე ექვსეული ე.წ. ავსტრალიური პლეი ოფის პრინციპით განაგრძობს. ლიგის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, ვიცე-ჩემპიონი კი კლასში ანაცვლებას, ელიტას ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსანთან 2-მატჩა დუელში ეცდება.

ლიგის ბოლოადგილოსანი ქვედა ლიგაში დაქვეითდება და ადგილს რეგიონული ლიგის გამარჯვებულს დაუთმობს. ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე გასულ გუნდს კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, რეგიონული ლიგის მე-2 ადგილოსანთან 2-მატჩა დაპირისპირებაში მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘წიქარა’ და ‘აკადემია-ლაშარი’ დაუპირისპირდნენ. ‘წიქარა’ საშინაო შეხვედრებს „რკინიგზელთა“ ბაზაზე გამართავს. დებიუტანტს აშკარად დაეტყო ახალი მთავარი მწვრთნელის ბექა სხულუხიას ხელი. სწორედ ნიჭიერი სპეციალისტის მიერ განხორციელებულმა დროულმა ტაქტიკურმა გადაადგილებებმა და შეცვლებმა ‘წიქარას’ ჩემპიონატის პირველი მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოაგებინა.

‘წიქარა’ პირველივე წუთებიდან უპირატესობას სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებდა და 7 დადებული ლელოდან, უმეტესობა კომბინაციურ სტილში გაიტანა. დებიუტანტის წარმატებას სათავე კვაჭ შალვა კეთილაძის გატანილმა ლელომ დაუდო. მასპინძელთა ფრთებმა: ლუკა ბურდულმა და კლავდიუს ხუციშვილმა კი „დუბლი“ გაიფორმეს. ‘აკადემია-ლაშარსაც’ ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში მიჯრით 2 გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის დარჩენილმა ნაწილმა ‘წიქარას’ სრული უპირატესობით ჩაიარა – 49:18.

„პარკი არენაზე“, ‘ფოთისა’ და ‘გორის’ შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. შიდა ქართლელები მთელი მატჩის განმავლობაში სრულად დომინირებდნენ, მასპინძლები 2 გატანილ ლელოს დააჯერეს, საკუთრივ კი 10 ლელოს დადება მოახერხეს. გიორგი ჭინჭარაულის შეგირდთაგან შედეგიანი თამაშით ფიჯელი ლეგიონერები გამოირჩნენ. ფულბეკმა რაფაელე ტუნიდაუმ და შუამარბმა აპიმელეკი ნამბოლენგამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გორელთა შუამარბ ლაშა დონაძეს საუცხოო თამაში. სტუმრებმა ლელოთა დიდი ნაწილი დონაძის გააზრებული და უზუსტესი გადაცემებით გაიტანეს. ‘გორმა’ მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო – 69:20 და ბურთების უკეთესი სხვაობის ქონის გამო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გამართული ‘მათე’-‘დინოზავრის’ იმერული დერბი უაღრესად დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. ზემო იმერელთა მხრიდან ლელო ფულბეკმა ნიკა კობიაშვილმა და ფიჯელმა შუამარბმა ტობია მატავურამ გაიტანეს, წყალტუბოელთა მხრიდან კი ლელოს დადება ფრთებმა: იაგო ხაბულიანმა და დავით ჩაუჩიძემ მოახერხეს. ჩაუჩიძის გარდასახული ლელოთი ‘დინოზავრი’ 3 ქულით დაწინაურდა. ‘მათეს’ ჰავბეკმა გიგა ცაგურიამ გატანილი ჯარიმით ანგარიშში წონასწორობა აღადგინა. მატჩის ბოლო 10 წუთში ორივე გუნდს წინ გასვლის კარგი შანსი მიეცა, თუმცა მეტოქეთა პივოტებს 1-1 ჯარიმა გაუცუდდათ და ლიგაში პირველივე ტურში საყაიმო ანგარიში – 15:15 დაფიქსირდა.

„ხარები არენაზე“, ‘რუსთავისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრაში მოთამაშეებს სადებიუტო მღელვარების დაძლევა გაუჭირდათ, რის გამოც გუნდების მხრიდან უამრავი თერნოვერი და წინ პასი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ‘რუსთავს’ გიორგი ზაბახიძე დამრიგებლობს, ‘არწივებს’ კი სათავეში ლევან თხელიძე ჩაუდგა.

მატჩის დებიუტში გვარიანად გადახალისებული შემადგენლობის მყოლი გურულები მგეზავ ბაჩანა ძოძუაშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც ქვემო ქართლელთა ლიდერმა რამაზ ხარაზიშვილმა მიჯრით 4 გატანილი ჯარიმა დაუპირისპირა. ‘არწივების’ მხტომელმა ნიკა ნაჭყებიამ გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ხარაზიშვილმა მონაგარს კიდევ 2 ზუსტად შესრულებული ჯარიმა წაუმატა და ლიგის დებიუტანტმა პირველობა გამარჯვებით დაიწყო – 18:8.

პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა დედაქალაქში გაიმართა. მატჩის ნომინალური მასპინძელი პატარძეულის ‘ვეფხვები’ და ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი ‘ლოკომოტივი’ ერთმანეთს ვაზისუბნის სარაგბო არენაზე დაუპირისპირდნენ. საკუთარი არენის კეთილმოწყობამდე ‘ვეფხვები’ საშინაო შეხვედრებს რეგიონს მიღმა გამართავენ. ისიც აღსანიშნავია, რომ გარე კახელებმა სეზონის წინ მთავარი მწვრთნელი იცვალეს. ‘ვეფხვებს’ სათავეში ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტი დიმიტრი კიკნაძე ჩაუდგა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უაღრესად დაძაბული გამოდგა. „რკინიგზელთა“ მხტომელ ზვიად ბლიაძის შესრულებულ „დუბლს“, გარე კახელთა ბურჯმა ალიკა ბაჩოშვილმა და კვაჭმა ანტონ ცილიკურმა ასევე 2 ლელოთი უპასუხეს. მატჩის კულმინაციად კი ბოლო წუთი იქცა. ‘ლოკომოტივი’ მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა ‘ვეფხვებმა’ კარში დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშვეს, რომელიც ფრთა ტატო ბურთიკაშვილმა უზადოდ შეასრულა და გარე კახელებს სეზონში პირველი რთული გამარჯვება მოუპოვა – 20:18.

RUGBY.GE

0.114751