ბოსნიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „სარაევომ“ „პოსუსიეს“ ვერ აჯობა (2:2), მაგრამ გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გიორგიმ მე-19 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა, როცა საჯარიმოში ჩინებულად ითამაშა. მან შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი, ქულები მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაშვებული გოლით დაკარგა.
23 წლის გულიაშვილი ხუთ მატჩში გატანილი 5 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა.
„სარაევო“ 13 ქულით (ხუთ მატჩში) პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 21 სექტემბერს, „ბორაცს“ სტუმრად შეხვდება.