ფეხბურთი

0:41 | 15.09.2024 | ნანახია 246 - ჯერ

გამარჯვების გოლები: ჯიღაურის უზბეკეთში, ქანთარიას აზერბაიჯანში, ფანცულაიას - ყაზახეთში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ნასაფმა“ სტუმრად „ნავბაჰორი“ ჯაბა ჯიღაურის გოლით დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი 56- წუთზე გაიტანა. ჯაბამ 82-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო „ნავბაჰორის“ რიგებში გიორგი ნიქაბაძე მოედანზე მე-60 წუთამდე იყო და ის თომა ტაბატაძემ შეცვალა. ჯიღაურს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

„ნასაფი“ 41 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 23 სექტემბერს, ქკმკ-ს შეხვდება, ხოლო „ნავბაჰორი“ 23 ქულით მეშვიდე საფეხურზეა და წინ 20 სექტემბერს, ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ მატჩი ელოდება.

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ჟენისმა“ „კაისარი“ გიორგი ფანცულაიას გოლით დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 34-ე წუთზე ქუსლით მოახერხა თავის გამოჩენა, ხოლო 78-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩში პირველად გაიტანა ჩემპიონატში. „ჟენისის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ თევზაძემ, ხოლო „კაისარში“ 75-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ქობულაძემ.

„ჟენისი“ 13 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „კაისარი“ 25 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „შამახმა“ „სუმგაითი“ გიორგი ქანთარიას გოლით 1:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ქანთარიასთვის ეს პირველი გოლი იყო სეზონში. „შამახი“ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „სლოვანმა“ სტუმრად „დუნაისკა სტრედა“ 2:1 დაამარცხა ტიგრან ბარსეგიანის დუბლით. ვლადიმირ ვაისის გუნდი აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ავტოგოლი გაიტანა, 48-ე წუთზე. „სლოვანი“ 15 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „რუჟომბეროკს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გლაზგოს „სელტიკს“ ესტუმრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.078815
246