„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „შალკესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.
ბუდუმ გერმანულ მედიასთან ჩვეული მოკრძალებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვება არა მისი, არამედ გუნდური თამაშის დამსახურებაა:
„დუბლის შესრულებაში უფრო გამიმართლა, ეს გამარჯვება გუნდურად მოვიპოვეთ, ერთიანი მექანიზმით ვითამაშეთ. პირველი გოლი ლამაზი იყო, მაგრამ მეორე გოლი უფრო შლოიზენერისაა, ვიდრე ჩემი. ბომბარდირებში ლიდერი ვარ? ბრძოლას თუ ასე გავაგრძელებთ, წარმატებაც მოვა“, - აღნიშნა ბუდუმ.
შეგახსენებთ, რომ II ბუნდესლიგის ხუთ ტურში ბუდუ ზივზივაძის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლეა პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ქართველი ცაციაა, მაგრამ ექვსივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მან „შალკესთან“ დუბლამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიურნბერგთან“, ერთიც ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა გოლი მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი იყო. აქვე ვახსენოთ, რომ გერმანიის თასზე აქვს თითო გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში. შესაბამისად, ბუდუმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.
„კარლსრუეს“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს და ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მაგდებურგს“ სტუმრად შეხვდება.