საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 17 და 19 სექტემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად შეხვდება.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი თბილისში ემზადება. ნაკრები ლიეტუვაში 15 სექტემბერს გაემგზავრება. ტრავმის გამო გუნდს შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ვერ დაეხმარებიან.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადების და ამხანაგური შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ჩიმაკაძემ ისაუბრეს.
ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი): "ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, რომელიც დეკემბერში დაიწყება. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ ამხანაგური მატჩები იმისთვის, რომ დეკემბრისთვის კითხვის ნიშნები აღარ დაგვრჩეს და შევარჩიოთ საუკეთესო შემადგენლობა.
ლიეტუვის ნაკრები სპეციფიკური გუნდია და მომდევნო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. ძალისმიერი ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან დაგვეხმარება მომდევნო თამაშებისთვის მზადების პროცესში.
გვაქვს დანაკლისი ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის სახით, რომელთა დიდი იმედი გვქონდა. თუმცა, საბედნიეროდ, გვაქვს არჩევანი და ისეთ მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება, ვისაც ნაკლები დრო ეძლევა. ვეცდებით ლიეტუვაში გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიფიქროთ დეკემბრის ოფიციალური მატჩებისთვის მზადებაზე".
გიორგი ჩიმაკაძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): "ზაფხულის პაუზის შემდეგ ადრე შევიკრიბეთ და სრულ მზადყოფნაში ვხვდებით ლიეტუვასთან თამაშებს. მეტოქე ძალიან კარგი, გამოცდილი გუნდია. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ასი პროცენტით მზად შევხვდეთ. იმედია, ლიეტუვაში ორივე თამაშში მივაღწევთ წარმატებას".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო) ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ბექა ბექაური (კსუ, საქართველო), დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ჯანო კვარაცხელია (კრისტალი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი). ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, საქართველო), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, საქართველო)
ლიეტუვის და საქართველოს ფუტსალის ნაკრებების მატჩებს ქალაქი კედაინიაი უმასპინძლებს. ორივე თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
NAKREBI.GE