რაგბი

20:42 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 29:28 ბათუმი

50 წუთის განმავლობაში კაცნაკლულად მოთამაშე თბილისის ‘არმიამ’, დაძაბულ ბრძოლაში ‘ბათუმს’ 29:28 სძლია და დიდ 10-ში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

crocobet დიდი 10-ის მეორე ტურის პირველი შეხვედრა თვალსასეირო აღმოჩნდა. „ავჭალაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, რომლის დროსაც 9-ჯერ შეიცვალა ლიდერი, გამარჯვებული კი ბოლო წამს გამოვლინდა. ‘ბათუმმა’ სეზონის სტარტზე დედაქალაქში მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველ ნუგეშ-ქულას გამორჩა.

პირველ ტაიმში გუნდებმა ქულები მხოლოდ დარტყმებით აიღეს. ‘ბათუმი’ დებიუტშივე ვაჟა მიქაძის 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. მე-7 წუთზე მას მერლს პიტერსმა თავისი ნახევრიდან, 55 მეტრიდან უპასუხა. მიქაძემ და პიტერსმა ჯარიმები მე-12 და მე-17 წუთებზეც გაცვალეს, 22-ე წუთზე კი ‘არმია’ პირველად დაწინაურდა. მიქაძის საპასუხოდ დარტყმული 27-ე წუთზე ძელმა აისხლიტმა. 30-ე წუთზე მასპინძლების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მეორეხაზელმა ვანო ბერიკაშვილმა წითელი ბარათი მიიღო, თუმცა შესვენებამდე ‘არმიამ’ უპირატესობა გაზარდა – მამუკა ნინიძემ 45 მეტრიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულა – 12:6.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და 6 ლელო გავიდა, საიდანაც 4 სტუმრების ანგარიშზეა, მაგრამ მათ დამრტყმელებს მიზანმა უმტყუნა და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმი მათი შეტევებით დაიწყო და მძლავრი მოლი ვაჟა თაგაურის ლელოთი დასრულდა. თამაში რომ განახლდა ბუბა ნოზაძემ თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი და ბურთი ფეხით გადაიკიდა, შეტევას კარგად მიყვა თაგაური და თავისი მეორე ლელოთი ზღვისპირელები დააწინაურა. გარდასახვები არაზუსტი იყო.

რამდენიმე წუთში ვანო ფუტკარაძემ შერკინებიდან შეუტია, მას კარგად მიყვა ლაშა ფოფხაძე და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა არმიელებმა ის ზედ ალამთან აუტში გადაიყვანეს. 54-ე წუთზე ‘არმიამ’ მეტოქის 22-თან საკუთარი დერეფანი წააგო, მაგრამ ბათუმელთა არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთს მამუკა ნინიძე დაეუფლა, თავისივე ლელო გარდასახა და თბილისელებს ლიდერობა დაუბრუნა – 19:16.

5 წუთში ზღვისპირელებმა კიდევ ერთი მოლი ააგორეს, დაახლოებით 10 მეტრი დაფარეს და ფოფხაძის ლელოს შემდეგ ‘ბათუმი’ კვლავ დაწინაურდა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო და ნინიძემ კარის წინ გატანილი ჯარიმით ლიდერი ისევ შეცვალა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ‘ბათუმის’ კარგი შეტევა ფუტკარაძის ლელოთი დასრულდა. მან ლელო ძელებსშუა გაიტანა და სერგი ჩხაიძემ უპრობლემოდ გარდასახა.

‘არმიას’ მოსაგებად გარდასახული ლელო ჭირდებოდა და მოლით შეუტია. მან დაახლოებით 12 მეტრი დაფარა და ‘ბათუმი’ ლელოდან სანტიმეტრებში დაჯარიმდა. არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა ირაკლი მახარაძე გაასინბინა, ეპიზოდი ვიდეო-რეფერისთან გადაამოწმა და საჯარიმო ლელო ჩასტვინა. ახლა ‘ბათუმს’ ჭირდებოდა შედეგიანი შეტევა. მათ აქცენტი კარის წინ ჯარიმის გამომუშავებაზე გააკეთეს, მაგრამ თავად დაჯარიმდნენ და ‘არმიამ’ 29:28 გაიმარჯვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მამუკა ნინიძე გახდა.

crocobet დიდი 10-ის მეორე ტურში, 14 სექტემბერს ქუთაისის ‘აია’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ „აია არენაზე“ 15:50 საათზე მასპინძლობს, ხოლო 18:10 საათზე ‘არესი’ იმავე მოედანზე თბილისის ‘ხვამლს’ ერკინება. 15 სექტემბერს ‘ყოჩები’ ‘ხარებს’, ხოლო ‘ლელო’ ‘ყაზბეგს’ ეთამაშება.

RUGBY.GE

0.116382