თბილისის ‘ხვამლმა’ ‘ბათუმს’ „ხვამლი არენაზე“ სამი უპასუხო ლელო გაუტანა და სეზონის სტარტზე ბონუსით, 21:3 გაიმარჯვა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე მხრიდან დაშვებული შეცდომების მიუხედავად, თავდაპირველად უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნეს. ბაჩანა ბაიხოიძემ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყო, გიორგი ჯობავამ მეტოქის 22-მდე ირბინა, რაქი სწრაფად გასუფთავდა და მიხეილ თაყაიშვილმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.
ნიკა ცინცაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო. ტაიმის შუაში სტუმრებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და ვაჟა მიქაძემ დაახლოებით 48 მეტრიდან გაიტანა. ‘ბათუმმა’ შეძლო უპირატესობის დაუფლება, ლელომდე სულ ცოტა დააკლდა. სამაგიეროდ გასატან პოზიციაში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ 25 მეტრიდან დარტყმული არაზუსტი იყო. შემდეგ ეპიზოდში ზღვისპირელებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და ვერ იხეირეს.
შესვენების წინ ჯარიმის გატანა ‘ხვამლმა’ სცადა, მაგრამ 50 მეტრიდან დარტყმული არაზუსტი იყო – 7:3. სამაგიეროდ მეორე ტაიმი დაიწყო თბილისელების შეტევით, მათ მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს, თორნიკე ბაიხოიძემ ხაზი გაჭრა და 46-ე წუთზე გატანილი ლელო ცინცაძემ გარდასახა. 66-ე წუთზე ‘ხვამლმა’ სწრაფი ხელდახელ შეტევა განახორციელა, საბა ინალიშვილმა ფეხით ითამაშა და ალამთან ბურთი თავადვე დაამიწა. ცინცაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.
დარჩენილი დრო უქულოდ მიილია, ‘ხვამლმა’ 21:3 გაიმარჯვა, ‘ბათუმი’ ისტორიაში პირველად დაამარცხა და ახალი სეზონის პირველი ბონუს-ქულაც ჩაიწერა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მათი 9 ნომერი ფრიდონ წიკლაური გახდა.
RUGBY.GE