რაგბი

19:00 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ტაო 15:10 ლელო

სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ დიდი 10-ის სადებიუტო მატჩში ვიცე-ჩემპიონი თბილისის ‘ლელო’ 15:10 დაამარცხა და ახალი სეზონის პირველი სენსაცია დააფიქსირა.

2024/25 წლების სეზონის მეორე თამაშს ასპინძამ უმასპინძლა. სანახაობრივი კუთხით შეხვედრამ ვერ გაამართლა, რადგან ორივე გუნდს ჰქონდა ტექნიკური წუნი და არასწორი გადაწყვეტილებები, რამაც მათ შეტევითი პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა. ხშირი იყო ჯარიმებიც, რითაც მასპინძლებმა იხეირეს და ელიტაში გამართულ პირველსავე შეხვედრაში 4 საცხრილო ქულა აიღეს.

ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. ‘ლელო’ კარის წინ 10-12 მეტრში დაჯარიმდა და ოთარ ტალახაძე არ შეცდა. სტუმრებმა პეტრე ხუციშვილის მიერ ახლოდან გატანილი ჯარიმით მალევე უპასუხეს, თუმცა თამაშის განახლებისთანავე ჯარიმა კვლავ ‘ტაომ’ შეასრულა და ტალახაძემ ძელის გავლით გაიტანა – 6:3.

პირველი ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ‘ლელოს’ შეტევებში ჩაიარა. სტუმრებმა შეძლეს მეტოქის 22-ში ფაზების გადაბმა, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ გიორგი სპანდერაშვილმა გაჩენილი სივრცით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და მისი ლელო ხუციშვილმა გარდასახა – 6:10.

მეორე ნახევარიც ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. ასეთ სიტუაციაში 50-ე წუთზე ‘ლელო’ დაჯარიმდა და ტალახაძემ 45 მეტრიდან სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ხუციშვილს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა კარის წინ 30 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. საათის თავზე ტალახაძემ შორი დისტანციიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები წინ გაიყვანა.

‘ლელომ’ დასკვნით წუთებში ისევ სცადა თამაშის გამწვავება, მაგრამ შეცდომები დაუშვა. ‘ტაომ’ შეხვედრის მიწურულს მეტოქის 22-ში კიდევ ერთი ჯარიმა გამოიმუშავა, ტალახაძე კვლავ ზუსტი იყო და დებიუტანტმა 15:10 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა უბერებელი ცენტრი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი გახდა.

RUGBY.GE

0.115789