რაგბი

17:47 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 30:19 ყოჩები

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „ავჭალაზე“ 30:19 სძლია და 2024/25 წლების სეზონი გამარჯვებით გახსნა.

ნომინალური მასპინძლები სათამაშო დროის უმეტესი წილი უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში შეძლეს ინიციატივის დაუფლება და სხვაობა მინიმუმამდეც დაიყვანეს, მაგრამ მიხეილ სუჯაშვილის შეგირდებმა შეძლეს მატჩის სასურველ რიტმში დაბრუნება.

თამაში ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო, მე-6 წუთზე ლევან გოგოლაშვილმა სახიფათო ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და მოხევეებმა რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, მიხეილ ახობაძემ მცველს ერთი-ერთზე აჯობა და ლელო გაიტანა. დავით იმნაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და მე-12 წუთზე ჯარიმაც გაიტანა.

მასვე მე-16 წუთზე ერთი შეხედვით გასატანი ჯარიმა კარის წინ დაახლოებით 12 მეტრიდან გაუცუდდა, თუმცა 29-ე წუთზე შორი დისტანციიდან ზუსტი იყო. 32-ე წუთზე ‘ყაზბეგმა’ დერეფნიდან შეუტია, ლაშა ძნელაძემ ლევან ქუშაშვილს ამოუგდო ბურთი და მანაც მცველთან ჭიდილში ლელო ძელებსშუა გაიტანა. იმნაძემ გარდასახა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა.

ტაიმის ბოლოს ბოლნისელები გააქტიურდნენ, რაც სოსო მათიაშვილის კარგი თამაშის შედეგია. პირველ ჯერზე მისი პასის შემდეგ რანი ფხალაძეს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მეორე შემთხვევაში კი მათიაშილმა ორჯერ ითამაშა ფეხით, გიორგი გამყრელიძე ლელოს ვერ მიწვდა, მაგრამ იქვე ზურაბ ჟორჟოლაძე გაჩნდა და 5 ქულა გაქვითა – 20:5.

მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო. ჟორჟოლაძემ მეტოქის 22-ში ფეხით შეიცურა ბურთი, მცველმა მისი აღება ვერ მოახერხა და ზურამ თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა. 54-ე წუთზე ბოლნისელებმა უკვე ხაზზე გაშალეს შეტევა, მარცხენა ფრთაზე გოგოლაშვილი მცველს გაექცა და თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. მათიაშილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მესამე ლელოს შეხლა-შემოხლა მოყვა და გელა ლემონჯავამ ‘ყაზბეგიდან’ რეზი მარგალიტაძე, ხოლო ‘ყოჩებიდან’ ლაშა საჯაია გაასინბინა.

სტეფანწმინდელებმა მალევე შეძლეს თამაშის სასურველ რიტმში დაბრუნება და იმნაძემ ახლო მანძილიდან მორიგი ჯარიმა გაიტანა. 64-ე წუთზე მანვე მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, 22-თან ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ყაზბეგმა’ 30:19 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით იმნაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.131028
სარეკლამო ადგილი - 99
X x X