ფეხბურთი

13:30 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძლიერი ნაკრები, გამარჯვებულის მენტალიტეტით და სერიოზული შედეგით - საქართველოა!

გუშინდელი გამარჯვება არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ჩეხეთთან ნაჩვენები მსოფლიო შოუ. გუშინ ნაკრებმა აჩვენა, რომ არამხოლოდ ულამაზეს სტილში (როცა ყველაფერი გამოგდის და მეტოქე სკოლის მოსწავლედ გამოიყურება) შეუძლია მოგება, არამედ გასვლაზე, კარგად ორგანიზებული, მებრძოლი გუნდის დამაჯერებლად დამარცხება შეგვიძლია მცირე სათამაშო უპირატესობის ხარჯზე.

ნაკრებს უკვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს!

ვიდრე ინდივიდუალურად შევაფასებდეთ ბიჭების თამაშს, სანიოლზე უნდა ვთქვათ - ზღვა სამუშაო გასწია. ფაქტიობრივად ჩავარდნა არ აქვს გუნდს, არც სისტემური და არც ინდივიდუალური თვალსაზრისით. დაცვაში თითქმის არ ვტოვებთ სიცრცეებს, შეტევაში კი სწრაფად და ეფექტურად გადავდივართ; ბურთის ფლობის ფაზაში, მხოლოდ ჰორიზონტალურად კი არ ვაგორავებთ, ვერტიკალური პასები ხშირია და 11 კაცით დაბალ ბლოკში მდგომ მოწინააღმდეგეს არაერთი ხიფათი შევუქმენით. ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბის მუშაობის შედეგია. თუმცა, ცხადია, თუ არა ფეხბურთელების კლასი და მონდომება, მწვრთნელის დავალებები ვერ შესრულდება.

რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს:

მამარდა: ჩეხეთთან საწყის წუთებში გაკეთებულმა სეივმა თამაშის ხასიათი შეცვალა, რაც შედეგშიც აისახა. ორივე თამაშში უშეცდომო იყო. ეს ბიჭი ხარისხის ნიშანია;

კაკაბაძე: გარდა დაცვაში საიმედო თამაშისა, ბურთის ფლობისას და შეტევებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა;

გველესიანი: ბოლო ორი თამაშია დაცვაში უშეცდომოა, გრძელ პასებში უფრო ზუსტი თუ იქნება, შეტევების წამოწყებასაც შეუწყობს ხელს;

კაშია: კარგი ღვინოსავითაა, რაც დრო გადის უკეთესია, რაც მის ასაკში პარადოქსია, უმაღლესი დონის პროფესიონალიზმს აჩვენებს;

დვალი: მაპატიებს კაპიტანი, მაგრამ მალხაზ ასათიანისა და კალაძის შემდეგ ამ დონეზე უშეცდომოდ არცერთ ქართველ ცენტრალურ მცველს არ უთამაშია. სად არიან ბარსას სკაუტები, ინიგო მარტინესზე მაგრად არ დადგება?! მის ზონაში ხომ არავის ატარებს, ლოჩოშვილს ხომ აზღვევს, მაგრამ ცენტრში როგორ ამოდის და ავსებს საყრდენებს შორის შეტევებისას გაჩენილ სივრცეებს!..

ლოჩოშვილი: სანიოლის აღმოჩენა მარცხენა მცველად, რომელიც სიტუაციურად ვინგერად გარდაიქმნება ხოლმე. უზარმაზარი, თითქოს ზანტი ცენტრალური მცველის სანაკრებო თამაშებში ფლანგის ეფექტურ მცველად ტრანსფორმაციის სხვა მაგალითი გახსენდებათ? (ვან დე ვენი შემოყავდა აკეს მაგივრად ხოლმე კუმანს ევროზე, მაგრამ ლოჩოს როლი ნაღდად არ ჰქონია). დაცვაში ხომ ბოლომდე იხარჯება და შეტევაში უკვე მოპოვებული პენალტი და საგოლე პასია მის ანგარიშზე;

კიტეიშვილი: ნაკრების ხერხემალი, ნაკრების ტვინი, მილანელი პირლოს და გატუზოს სინთეზი. კიტე ყველგანაა, სადაც ბურთია, მოედნის ცენტრში ერკინება მოწინააღმდეგეს, დაცვის ფლანგზე აზღვევს ბიჭებს, ცენტრალურ მცველებს შორის ავსებს სივრცეს, იწყებს და მიყვება შეტევას, მზადაა შორიდან გაისროლოს ან გენიალური პასით გაჭრას მოწინააღმდეგის დაცვითი ხაზები. საყრდენ ზონაში მასზე მაგარი ალბათ როდრია. ვიცი, ვაჭარბებ, კიდევ მოიძებნება რამდენიმე, მაგრამ ცალსახაა, რომ ნებისმიერ ტოპგუნდში დიდებულად ითამაშებს. ქოჩორას სილაღე და შეტევაში აქტიურობა და ჩაკვეს ეფექტურობა, დიდწილად კიტეს მიერ გაწეული სამუშაოს გაგრძელებაა. კიტე შლის მოწინააღმდეგის შეტევით სქემებს და აჩენს ღრიჭოებს (ზოგჯერ უზარმაზარ ბზარებს) მოწინააღმდეგის ნახეცარდაცვაში, რასაც შემდეგ ქოჩორა, ჩაკვე, კვარა ითვისებს.

ქოჩორაშვილი: გუშინდელი სუპერგოლი, ჩეხეთთან შერბენა და თავით შეგდებული, უკვე საკმარისია მისი მასშტაბის დასანახად. მაგრამ ეს მხოლოდ უმაგრესი ჰაილაითებია და მის უკან უზარმაზარი სამუშაოა დაცვით ფაზაში, მუდმივი მოძრაობა უბურთოდ და ბურთის ეფექტური კონტროლი, ბურთიანად წინსვლა და საინტერესო პასები. დიდი უცნაურობაა, ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბში რომ არ თამაშობს;

ჩაკვეტაძე: ნიჭმა თავი არ დამალა! ჩეხეთთან შეუდარებელი იყო, ალბანეთთან ზღვა სამუშაო გასწია. მახვილგონიერი ხელოვანია ბურთით ფეხში. ჩაკვეს საუკეთესო პერიოდი წინ აქვს. მთავარია ეს ზრდა შეინარჩუნოს;

კვარა: იღებს, ინარჩუნებს, ატყუებს, წინ მიაქვს ბურთი, უტევს, მომენტებში ზედაპირულად სერავს, მომენტებში ღრმა ჭრილობებს აყენებს მოწინააღმდეგის დაცვას. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ უპირატესობას ქმნის შეტევაში. წლეულს დაღვინებული ჩანს, ნერვული ფონი აღარ იგრძნობა მის თამაშში. ყველაფერი აქვს, სუპერვარსკვლავად რომ ჩამოყალიბდეს;

მიქაუტაძე: ჩეხეთთან მოპარული ბურთები მის ინსტინქტებს ბოლომდე წარმოაჩენს, გოლიც მაგრად შეასრულა, მუდმივად მოძრაობს, მაგრამ საუკეთესო ფორმაში ჯერ არაა, თითქოს აგვიანებს გადაწყვეტილების მიღებას პასის გაცემისას, მაგრამ ეს დროებითია, დაიწყებს ლიონში შეყრას და ახალ საფეხურზე გადავა;

შეცვლებზე შემოსულებიდან ამჯერად ზურიკო უნდა გამოვყოთ, მუდმივად სასარგებლოა ნაკრებში, ბუდუ საოცარ ფორმას აჩვენებს კლუბში, მაგრამ ამ თამაშებში საკმარისი დრო არ მიეცა გამოსავლენად.

რაც მთავარია, ძლიერი ნაკრები გვყავს და ამ გუნდს სერიოზული შედეგების დადება შეუძლია, უკვე დებს კიდეც!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113101