ფეხბურთი

2:16 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "0:0 სამართლიანი იქნებოდა, ვიცოდი, რომ პირველი გოლს ვინც გაიტანდა, მოიგებდა"

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოსთან მარცხის (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა საქართველოს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა, მაგრამ რამდენჯერმე თქვა, რომ სამართლიანი იქნებოდა შეხვედრა 0:0 დასრულებულიყო.

„ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ ეს თამაში ძალიან მძიმე იქნებოდა. ზოგადად, ყველა მატჩი რთულია, მაგრამ ეს განსაკუთრებით ძალიან ფიზიკური თამაში იქნებოდა, ძალიან ფიზიკური და კარგად მომზადებული გუნდის წინააღმდეგ.

ვიმეორებ, რომ ჩვენი ჯგუფის ოთხივე ნაკრები იყო ევროპის ჩემპიონატზე და საქართველო ერთადერთია, რომელმაც მერვედფინალში გასვლა შეძლო, სადაც ესპანეთთან ითამაშა, მანამდე დაამარცხა პორტუგალიაც. ფიზიკურად ძლიერი, მძიმე და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩემი აზრით, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან ორივე გუნდი თითქმის ერთ დონეზე იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. სამწუხაროდ, გოლი გავუშვით და შემდეგ ძალიან რთული გახდა გათანაბრება, რადგან ორივე გუნდი დაცვაში კარგად იდგა და ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. ძალიან რთული და ტაქტიკური თამაში იყო.

მათ შორი მანძილიდან მაგარი გოლი გაგვიტანეს, ჩვენც ბევრჯერ ვცადეთ შორიდან დარტყმა, მაგრამ არაზუსტად. სამწუხაროდ ან შეიძლება საბედნიეროდ, ფეხბურთი არ არის ზუსტი სპორტი. მახსოვს, ჩეხეთთან პრაში ვაგებდით 0:1-ს, 15 წუთი რჩებოდა, ბაირამიმ შორიდან დაარტყა და გავათანაბრეთ. დღეს შორიდან 6-ჯერ დავარტყით, მაგრამ ყველა არაზუსტი გამოდგა, შეიძლება ოქტომბერში ერთხელ დავარტყათ და გავიტანოთ, მეორედ დავარტყათ და გავიტანოთ, ასე ხდება. ჩვენ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ტაქტიკაზე, ფიზიკაზე, გულით თამაშზე, რაც ისედაც არასდროს გვაკლია, ჩემს ფეხბურთელებზე არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემი აზრით, 0:0-ის თამაში იყო, ორივემ კარგად ითამაშა. მათ შესანიშნავი დარტყმით გაიტანეს, რაც ფეხბურთში ხდება. წინ უნდა წავიდეთ, ოქტომბერში მძიმე მატჩები გველოდება ძალიან თანაბარ ჯგუფში.

არც ერთ გუნდს მაღალი პრესინგი აქტიურად არ უთამაშია, ორივე გუნდი მოლოდინის რეჟიმში იყო და უკან იდგა, რათა კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ. რთული თამაში იყო, ძალიან ტაქტიკური. ვიცოდი, რომ გუნდი, რომელიც პირველ გოლს გაიტანდა, პრაქტიკულად მოიგებდა. ეს იყო მათი მწვრთნელის არჩევანი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ჩვენც, აქ წელიწადნახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით, პირველად წავაგეთ, ხედავთ? ეს ფედერაციის, ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. მეტოქემ არ დაგვიტოვა სივრცეები შეტევისთვის, მაგრამ არც ჩვენ მივეცით ბევრი სივრცე, მათ კვარაცხელიას სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავთ, რომელსაც შევუზღუდეთ სივრცე, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობდა. კიდევ ვიმეორებ, 0:0-ის თამაში იყო, მაგრამ გავუშვით, რას ვიზამთ, ფეხბურთში ეს ხდება“, - თქვა სილვინიომ.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.13781