ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოსთან შეხვედრის (0:1) შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრეს. როგორც მათ თქვეს, მეტოქემ საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენა.
მარაშ კუმბულა: „ძალიან რთული თამაში იყო. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევაზე სახიფათო იყო, რადგან მაღალი დონის შემტევები ჰყავს. მთლიანობაში ჩვენც კარგად ვითამაშეთ. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, რომლებმაც სტადიონი გაავსეს. ახლა წინ უნდა გავიხედოთ. რაც შემეხება მე, 3-მცველიან სქემაშიც შემიძლია თამაში და 4-მცველიანშიც, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა“.
ილბერ რამადანი: „რთული მატჩი გამოდგა. გვინდოდა შეტევა, მაგრამ ისინი 5 მცველით იცავდნენ თავს და შემდეგ 3 ნახევარმცველითაც, შესაბამისად, გაგვიჭირდა. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც. დღეს ჩვენი დღე არ იყო, თორემ ჩვენც იმავე დონეზე ვართ. კვარაცხელიასთან ახლოს თამაში მქონდა დავალებული, ის გავაკონტროლეთ, მაგრამ ამით სხვებმა ისარგებლეს“.
მარიო მიტაი: „კარგი თამაში გვქონდა, ბევრი ვირბინეთ, 2-3 მომენტიც შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. დაღლილობა არ არის წაგებისთვის საბაბი, არ ვფიქრობ, რომ მიზეზი ესაა, მეტოქემაც სამი დღის წინ ითამაშა. თუმცა საქართველომ მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა“.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.