ფეხბურთი

0:45 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის შედევრი და 3 ქულა ალბანეთში: საქართველომ მშვიდად მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურშიც მოიგო და ჯგუფის სათავეში ერთპიროვნულადაა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჩეხეთის განადგურების შემდეგ სტუმრად ალბანეთს აჯობა, მართალია, მინიმალური სხვაობით, მაგრამ ძალიან მშვიდად, ისე, რომ გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა.

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი და თანაბარიც გამოდგა, რეალური საგოლე მომენტების გარეშე, გუნდებს კარშიც არ დაურტყამთ. მეორე ნახევარში კი, მცირედით, მაგრამ მაინც ნელ-ნელა გამოიკვეთა ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობა.

მეორე ნახევრის სტარტზე ოთარ კიტეიშვილმა დაარტყა და მცირედით ააცილა, ხოლო 69-ე წუთზე კარგი შანსი გვქონდა: ჯერ გიორგი მიქაუტაძის დარტყმა დაბლოკა მცველმა, შეტევა გაგრძელდა და ოთარ კაკაბაძემ ვერ დაარტყა ზუსტად.

71-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. გიორგი ქოჩორაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და სუპერგოლი გაიტანა. მან მეორედ გამოიჩინა ეროვნულ ნაკრებში თავი და თანაც, ამის გაკეთება ზედიზედ ორ შეხვედრაში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მატჩში პირველი დარტყმა კარში, ორივე გუნდის მხრიდან.

87-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი შანსი ჰქონდა მეორე გოლისთვის: ზურიკო დავითაშვილმა მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა, თუმცა, მისი დარტყმული ბურთი ტომაშ სტრაკოშამ კუთხურზე მოიგერია და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

ორ წუთში სტრაკოშამ კიდევ ერთხელ იხსნა ალბანეთი, როცა გიორგი ჩაკვეტაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია კუთხურზე. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში მშვიდად მოიგო, ალბანეთს საგოლე მომენტი არც ჰქონია, კარშიც კი არ დაურტყამს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

ამავე ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უკრაინა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს 6 ქულა აქვს, ალბანეთს და ჩეხეთს 3-3, ხოლო უკრაინა უქულოდ ბოლო ადგილზეა.

ალბანეთი - საქართველო 0:1 (0:0)

ტირანა, Air Albania stadium

ალბანეთი (4-3-2-1): სტრაკოშა; ჰისაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი; ასლანი, რამადანი, ბაირამი (უზუნი 81); ასანი (სპაჰიუ 72), ჰოჯა (ლაჩი 61); მანაი (სეფერი 72)

მწვრთნელი: სილვინიო

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90), კიტეიშვილი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75); მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 0:1 ქოჩორაშვილი (71)

გაფრთხილება: უზუნი (90) - კიტეიშვილი (84), ჩაკვეტაძე (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (0) – 14 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118572