ფეხბურთი

18:15 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები: "წინ ორი ფინალი გვაქვს, ჩვენი შანსია და უნდა გამოვიყენოთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ოთარ მამაგეიშვილმა და ლუკა ხარატიშვილმა ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ოთარ მამაგეიშვილი: „პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს, ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს. თამაში ცუდი არ ყოფილა, მაგრამ რთული იყო. თავიდან ალბათ კონცენტრაცია დაგვაკლდა და ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი მარცხში. ოქტომბერში ორი ფინალი გველოდება, სადაც თავის გამოჩენის საშუალება გვექნება და ჩვენ აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ“.

ლუკა ხარატიშვილი: „რთული და მძიმე მატჩი გამოვიდა, ნიდერლანდები ძლიერი გუნდია. ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც თამაშზე გავლენა იქონია. თუმცა, არა უშავს, წინ ორი ფინალი გველოდება, ვაგრძელებთ მომზადებას, როგორც საჭიროა, რადგან ეს ჩვენი შანსია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც დაგვაფასეს, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს 16 და შვედეთს 13 ქულა აქვს (მეტოქე ამ ტურის მატჩს 10 სექტემბერს ჩაატარებს). საქართველოს დარჩენილი აქვს საგარეო მატჩი შვედეთში, ხოლო შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117596