ფეხბურთი

16:32 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "8 დღის ნამუშევარი გეგმა თამაშის წინ აგვერია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"რთული თამაში გამოდგა, მარცხი ყოველთვის საწყენია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი თამაში გველოდება. თამაშის მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს, დანარჩენ მონაკვეთებში ვთვლი, რომ გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა და გვქონდა მართლაც იმის სურვილი, რომ თამაში გადაგვერჩინა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარი მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის მონაკვეთი იყო, თუ საუკეთესო არა, რაც ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე უთამაშია. ბევრი გვაქვს სამუშაო ემოციურ კონტროლზე და ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე. დიდი როლი ითამაშა გამოცდილებამ, ძალიან მაღალი დონის გუნდთან გვქონდა საქმე, ამას საუბარი არ სჭირდება - ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს და მინდა მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო.

მეორე ტაიმში დაღლაც დაგვეტყო და გამოუცდელობა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, დღეს მინდორზე ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც პირველად ითამაშეს ახალგაზრდულ ნაკრებში და პირველად ითამაშეს საერთოდ ასეთი დონის გუნდთან და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე ჩვენით მოვედი, ჩვენი შრომით, ჩვენი გუნდურობით, ჩვენი ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებით დავასრულებთ იმ თამაშს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ცდას არ დავაკლებთ.

ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა, მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად თამაშის წინ აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისებიც, ფაქტობრივად მთელი დაცვის ხაზი შეცვლილია, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს, საბა ხვადაგიანს. ამიტომ, ძირითადად პრობლემები დღეს დაცვის ხაზში გვქონდა, თუმცა სწორი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაშზე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს 16 და შვედეთს 13 ქულა აქვს (მეტოქე ამ ტურის მატჩს 10 სექტემბერს ჩაატარებს). საქართველოს დარჩენილი აქვს საგარეო მატჩი შვედეთში, ხოლო შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

0.121519