ფეხბურთი

23:47 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ვეცდებით, შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ლუკა გაგნიძემ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლანდებთან მატჩის წინ ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, განწყობა დადებითია, იმიტომ, რომ წლების შემდეგ პირველად გვაქვს შესარჩევი ეტაპიდან მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. რთულ თამაშს ველოდებით, კარგად ვიცით, რა დონის გუნდს ვეთამაშებით და რა დონის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, როგორი ფეხბურთელები ჰყავს. სახლში თამაშობს, ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენი გეგმები გვაქვს და ვეცდებით, რომ შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ერთი იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ნიდერლანდები ნებისმიერ შეცდომაზე რეაგირებს და მეტოქის მყისიერი დასჯა ხდება. უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია, შევასრულოთ ტაქტიკური მონახაზი, რა თქმა უნდა, ვიყოთ ერთიანები და როცა შანსი მოგვეცემა შევუტიოთ. გარდა ამისა, ჩვენც, სამწვრთნელო შტაბიც ინტერესით ველით თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ჩვენი ფეხბურთელები ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ნიდერლანდებთან ერთი წლის წინ დიდი ანგარიშით წავაგეთ და ახლა მთავარი მიზანი ისაა, რომ დავინახოთ, როგორ გამოიყურებიან ჩვენი ფეხბურთელები ერთი წლის შემდეგ ძლიერი მეტოქის ფონზე. ასევე, რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა სვანაძემ.

„რთული თამაში იქნება, ნიდერლანდებთან სახლში 0:3 წავაგეთ, თუმცა ისეთი თამაში არ იყო, რომ ასეთი ანგარიში სამართლიანი ყოფილიყო. დარჩენილი გვაქვს სამი ფინალი, სამი ქულისთვის ვითამაშებთ. მეორედ ისტორიის დაწერა გვინდა, ამჯერად უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან, დიდი შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, სამი ფინალია დარჩენილი და მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - თქვა გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ნიდერლანდები 24 ქულით ლიდერობს და თითქმის განაღდებული აქვს ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჯგუფში ბრძოლა მეორე ადგილისთვისაა: საქართველოს 16 და შვედეთს 13 ქულა აქვს (7-7 მატჩში). საქართველოს დარჩენილი აქვს საგარეო მატჩები ნიდერლანდებსა და შვედეთში, ხოლო შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

ნიდერლანდებისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 9 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114062