ფეხბურთი

21:55 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოუ თბილისში: საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა შეუდარებლად დაიწყო
4 გოლი და ძალიან კარგი ფეხბურთი ჩეხეთის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა, თანაც, როგორი? ფანტასტიკური.

ჩეხეთის ნაკრებს ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში უშანსოდ, 4:1 მოუგო. ანგარიში სრულად ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოედანზე ხდებოდა, უფრო მეტიც, სხვაობა შეიძლებოდა უფრო დიდი ყოფილიყო! სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა იდენტური დააყენა, რაც ევრო 2024-ის ბოლო ორ მატჩში (პორტუგალია-ესპანეთთან) იყო.

თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ჩეხეთი აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც შექმნა, ტრადიციულ სტილში - ჩაწოდებებით. ჯერ პატრიკ შიკის დარტყმა მოიგერია გიორგი მამარდაშვილმა, ხოლო ორიოდე წუთში კრეიჩის თავური მცირედით არაზუსტი გამოდგა.

ვილი სანიოლის გუნდს გაუჭირდა თავიდან შესვლა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. ქართველი ფეხბურთელები რამდენჯერმე ძალიან კარგად გადავიდნენ შეტევაზე, რაც ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქოჩორაშვილის დამსახურება იყო.

მომენტებიც შეიქმნა: ჯერ კიტეიშვილის პასის მერე ჩაკვეტაძე დარჩა კარგ პოზიციაში, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და მეკარემ ადვილად აჯობა. შემდეგ ძალიან კარგი იყო მიქაუტაძე-ჩაკვეტაძე-კაკაბაძის სწრაფი შეტევა, რაც ქოჩორაშვილის დარტყმით დასრულდა და მცირედით არაზუსტი იყო. კიდევ იყო რამდენიმე სახიფათო იერიში, რომელიც კარში დარტყმამდე არ მივიდა, არადა, სიტუაციის უკეთ გამოყენება შეიძლებოდა.

32-ე წუთზე ჩაკვეტაძის პასის მერე ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, სადაც კრეიჩმა წააქცია და პენალტი სამართლიანად დაინიშნა. ბურთთან ხვიჩა მივიდა და გაიტანა. ეს მისი მე-17 გოლია ეროვნულ ნაკრებში, რითაც ყველა დროის ბომბარდირებში თემურ ქეცბაიას დაეწია და მეორე ადგილზეა. ასე რომ, საქართველომ ჩეხეთთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, პენალტით, როგორც ევრო 2024-ზე, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მაშინ პენალტი მიქაუტაძემ გაიტანა, ახლა კვარამ.

მეორე ნახევარიც საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. მიქაუტაძემ მცველს პასი ჩაუჭრა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა მეკარეს ვეღარ აჯობა. სანიოლის გუნდმა გოლი მეორე ტაიმის სტარტზე მაინც გაიტანა. კვარაცხელიამ კარგად შენიშნა სივრცეში თავისუფალი ჩაკვეტაძე, რომელიც საჯარიმოში დაუბრკოლებლად შეიჭრა და ზუსტად დაარტყა - 2:0. ეს მომენტი ძალიან ჰგავდა ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჩეხეთთან ბოლო წამზე შექმნილ მომენტს, როცა ჩაკვეტაძე იმავე პოზიციიდან საბა ლობჟანიძე დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე... ამჯერად, თვითონ დაარტყა.

საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარში უბრალოდ უშეცდომო და ფანტასტიკური იყო. მალევე, მესამე გავიტანეთ. ლუკა ლოჩოშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და გიორგი მიქაუტაძემ ძალიან ეფექტური დარტყმით შეაგდო! ეს მისი მე-14 გოლია ეროვნულ ნაკრებში, უკვე ხუთეულშია ყველა დროის ბომბარდირებში, გადაასწრო ვაკო ყაზაიშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს.

სამი წუთის შემდეგ კიდევ ერთი საოცარი გოლი გავიტანეთ: მიქაუტაძე საჯარიმოსთან წააქციეს, ჯარიმა იყო, მაგრამ კვარამ გააგრძელა შეტევა, ჩაკვე მოძებნა, რომელმაც პაუზა გააკეთა და დიდოსტატური რამ მოიფიქრა - გასაოცარი პასი გაუკეთა საჯარიმო მოედანში შერბენილ გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც თავით მეკარეს და მცველს დაასწრო - 4:0! ეს მისი პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში.

სტუმრებმა ბოლოს ერთი გოლი გაქვითეს: მე-80 წუთზე ლუკაშ კალვახმა მოახერხა შორი მანძილიდან პრესტიჟის გოლის გატანა. ისიც ვთქვათ, რომ დებიუტი ჰქონდათ შოთა ნონიკაშვილსა და საბა გოგლიჩიძეს, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.

ამრიგად, საქართველომ ძალიან კარგი, გააზრებული, შეიძლება ითქვას, იდეალურთან მოახლოებული თამაშით დაიწყო ერთა ლიგის ახალი სეზონი, ახალი შემართებით და მუხტით. ეს ნამდვილად იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულით თამაში.

საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა, მომდევნო მატჩს კი 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო - ჩეხეთი 4:1 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი (გოგლიჩიძე 88), კაშია, დვალი; კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 75), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ნონიკაშვილი 75), ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 75), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 75)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩეხეთი (3-4-2-1): კოვარი; ზიმა, ჰრანაჩი, კრეიჩი; ცოუფალი, სოუჩეკი, კრალი (კალვახი 46), რინეში (ზელენი 26); პროვოდი (სულცი 76), ჩვანჩარა (ლინგრი 46); შიკი

მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (33, პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53), 3:0 მიქაუტაძე (63), 4:0 ქოჩორაშვილი (66), 4:1 კალვახი (80)

გაფრთხილება: კვარაცხელია (74), ნონიკაშვილი (84), ქოჩორაშვილი (86) - ცოუფალი (16), კრალი (38), კრეიჩი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

0.115575