ფეხბურთი

23:15 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი დაუფასებელი ფეხბურთელია"
"ალბანეთში რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ ჩვენ სირთულეები გვიყვარს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებთან მატჩის (4:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გავიარეთ, ზოგჯერ, გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდისგან რაღაც კარგი გამოვიდოდა. ევროპის ჩემპიონატმა გუნდს მეტი თავდაჯერება შესძინა, ვიცით, რას ნიშნავს ერთიანობა. ძალიან მაინტერესებდა, გუნდს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შემდეგ როგორი რეაქცია ექნებოდა, როგორ დაბრუნდებოდნენ ფეხბურთელები და რაც მოედანზე ვნახეთ, ეს შესანიშნავი თამაში იყო, რასაც ფეხბურთელებს ვულოცავ.

რატომ არ შევცვალე კვარაცხელია? ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი გვქონდა, მაგალითად, კიტეიშვილს არ შეეძლო 90 წუთი თამაში. ჩაკვემაც შეცვლა გვთხოვა, ხოლო კაკაბაძის შეცვლა გაუთვალისწინებლად მოგვიწია. ხვიჩა მაღალ დონეზე თამაშობს და თვითონაც კარგად იცის, როდის უნდა შეინახოს ძალები და როდის დაიხარჯოს.

დიახ, ალბანეთთან რთული თამაში იქნება, ევროპის ჩემპიონატზე მიუხედავად იმისა, რომ რთულ ჯგუფში იყო, ძალიან კარგად ითამაშა. ამიტომ, რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ ჩვენ სირთულეები გვიყვარს (იღიმის - რედ).

მატჩის საწყისი 10-12 წუთი კარგი არ იყო შეტევაში, ხვიჩას და ჩაკვეს ვთხოვე, რომ უკან არ ჩამოწეულიყვნენ და შეტევაში დარჩენილიყვნენ. საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი თამაში თითქმის იდეალური იყო.

ოთარ კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი დაუფასებელი ფეხბურთელია, მას თავისუფლად შეუძლია ტოპლიგაში თამაში, უფრო მეტიც, ტოპლიგის ტოპგუნდში თამაში. ევროპის ჩემპიონატზე როცა ის მოედანზე იყო, ყველაფერი კარგად გახლდათ, როცა ვერ გვეხმარებოდა, ბევრად გვიჭირდა თამაში. მის პოზიციაზე თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ის თავის მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს.

რა თქმა უნდა, როგორც თქვენი და გულშემატკივრების მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა, ასევე, გაიზარდა ჩემიც, ჩემი მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ ახლა უფრო მაღალია. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ყოველთვის ასე რომ არ იქნება, ვიცით და მთავარია, შემდეგ სირთულეებს როგორ გადავლახავთ. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვქონდა, მაგრამ ახლა, ჩვენი მთავარი საფიქრალი ალბანეთისთვის მომზადებაა.

რატომ გავჩერდი ამდენი ხანი საქართველოს ნაკრებში? აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ფედერაციისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ასე იყო მაშინაც, როცა რთული პერიოდი გვქონდა და შედეგების მხრივ ყველაფერი კარგად არ იყო. გუნდში შექმნილი გარემო დადებითი აურის შექმნას ხელს უწყობს და სანამ აქ ბედნიერი ვარ, წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.113517