ძიუდო

20:24 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქალდანის ვერცხლის მედალი პარიზის პარალიმპიადაზე

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს მონაგარს მეექვსე მედალი შეემატა, რომელიც გიორგი ქალდანის აქტივშია.

ქართველმა პარაძიუდოისტმა (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი ფინალში იაპონელ იუჯირო სეტოსთან ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით დამარცხდა.

მანამდე ქალდანმა ნახევარფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს იპონით სძლია, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 6 მედალია, რაც რეკორდია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული, ძიუდოში ზურაბ ზურაბიანი და ძიუდოში გიორგი ქალდანი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია.

0.132741