ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი კარიერას „სპარტაკუსში“ გააგრძელებს. უნგრული კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
32 წლის ნახევარმცველი უნგრელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
„სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. მოლაპარაკებების დროს ვგრძნობდი, რომ ის ძალიან მოტივირებული იყო. მას იწვევდნენ ისეთ ლიგებშიც, სადაც ფინანსურად მეტს გადაუხდიდნენ, მაგრამ მისთვის უფრო სპორტული მხარე იყო მნიშვნელოვანი, რადგან სურს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში გააგრძელოს. ნიკა სრულყოფილი ფეხბურთელია, ეფექტური, დაცვის და შეტევის დროს. იმედი მაქვს, რომ თავისი გამოცდილებით ძალიან დაგვეხმარება“, - თქვა უნგრული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტივადარ ფეკეტემ.
„სპარტაკუსი“ უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში აღზევდა, თუმცა სტარტი კარგი არ აქვს, რადგან 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.
ნიკა კვეკვესკირს „ლეხის“ გარდა, ასევე უთამაშია ზუგდიდის „ბაიაში“, „დინამო თბილისში“, „ცხინვალში“, „დილაში“, ბაქოს „ინტერში“, „გაბალასა“ და „ტობოლში“. საქართველოს ნაკრებში მან დღემდე 61 შეხვედრა ჩაატარა.