ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კომენტარი გააკეთა.
„ერთა ლიგის თამაშებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ექსპერიმენტების დრო არ არის. ჩვენთვის ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც გასვლა ჩვენი მიზანია. გვინდა, რომ პირველივე თამაშიდან კონცენტრირებულები ვიყოთ.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, ჩანს, რომ ვილი სანიოლი დიდ სამუშაოს ასრულებს. თუ გამარჯვება გვინდა, შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საქართველოს კონტრშეტევისთვის ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავს. ისინი დაცვაში კარგად არიან ორგანიზებული და თამაშს არ ხსნიან. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გაიტანს პირველ გოლს, ვეცდებით, რომ ჩვენ გავიტანოთ.
შემადგენლობა ფორმის მიხედვით გამოვიძახე, ასევე მეტოქეებიდან გამომდინარე. ძირითად შემადგენლობაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ რომც ვიცოდე, რა თქმა უნდა, არ გეტყვით.
უკვე ვნახე მოედნის საფარი, ის შესანიშნავ მდგომარეობაშია. არ მგონია, რომ უამინდობამ მოედანზე გავლენა მოახდინოს, მართლაც შესანიშნავია“, - თქვა ჰაშეკმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.